ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

უწყების ხელმძღვანელმა მათთან ერთად ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილა. ამასთან, იმსჯელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც – საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე.

როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დაავადების მართვას, ასევე გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს პაციენტებისთვის დღეს არსებულ საჭიროებებსა და სარეაბილიტაციო სერვისების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობებზეც.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება, შემდეგ კი სხვა იშვიათ დაავადებებსაც მოიცავს.

მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანია პროცესში პაციენტების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა და ამისთვის უწყება მზადაა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამინისტროს მთავარი მიზანია პაციენტების ინტერესების დაცვა, შესაბამისად, მშობლებთან ერთად აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თითოეული მათგანის საჭიროების უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ცისტური ფიბროზი პროგრესული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.