კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სოციალური მხარდაჭერის, განათლების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებს ეხება. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს, რომლისთვისაც 5 000 კვადრატული მეტრი ფართობია გამოყოფილი და პროექტის ღირებულება 9.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე, თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია გრძელდება. 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ სარაჯიშვილთან აკავშირებს, 12-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ასევე, N293 მარშრუტს ორი ავტობუსი დაემატება, რის შედეგადაც შემცირდება ინტერვალი და გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა. დამატებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გასაუმჯობესებლად, მინდელის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლი დაგრძელდება, თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე კი ბასლაინი მოეწყობა.