ქანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
ამერიკელი რეპერის, ქანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება.
„12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის, ქანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, და არამხოლოდ საქართველოში. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.