განათლების მინისტრი პარლამენტში
რეფორმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვნებათაღელვა გამოიწვია, დღეს პარლამენტში წარმოადგინეს.
ინტერპელაციის ფორმატში განათლების მინისტრის მოსმენამ მწვავე და ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა. გივი მიქანაძემ დეპუტატებს უნივერსიტეტებში ფაკულტეტების და სტუდენტების კვოტირების სისტემა გააცნო და ვრცლად ისაუბრა, რა მიზანს ისახავს ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპი და დაფინანსების ახალი მოდელი და შრომითი ბაზრის რა კვლევებს ეფუძნება მასშტაბური ცვლილებები, რასაც უმაღლეს სასწავლებლებში თავის დროზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დაანონსდა სიახლეები სკოლებშიც: ახალი სასწავლო ფორმები, ახალი სახელმძღვანელოები და ახალი მიდგომები. მინისტრმა ისაუბრა, თუ რა სამუშაოები ჩატარდა სასკოლო წიგნების შემუშავების პროცესში, რა სიახლეები ელოდება მოსწავლეების ნაწილს და როგორ აპირებს სამინისტრო სასკოლო კვების საკითხის გადაწყვეტას, რაც წლებია, ერთ-ერთი პრობლემური თემაა. განიხილება ოთხი მოდელი. მიქანაძეს მწვავე კითხვების მოსმენაც მოუხდა. განსაკუთრებით ყოფილი პრემიერის გუნდი აქტიურობდა. ოპონენტების და ყოფილი თანაგუნდელების მისამართით არანაკლებ მწვავე იყო მინისტრის რიტორიკაც.