ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი

საქართველო ევროკომისიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასების მოლოდინში.

თვის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს ანგარიში, სადაც შეფასდება, რამდენად შეესაბამება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას კანონმდებლობა ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზას. საუბარია 32 მიმართულებაზე, რომლებიც 5-დონიანი სკალის მიხედვით იქნება შემოწმებული. თუ რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ანგარიშის პირველადი ვერსია ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ შეფასებებს მოიცავს და ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით ცალკეულ სფეროებში უკეთესი მაჩვენებლები აქვს. სამივე ქვეყანაზე ცალ-ცალკე მომზადებული ანგარიშები ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ან კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფასებას არ მოიცავს და მხოლოდ ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკურ კრიტერიუმებს გულისხმობს. ევროკომისიის ახალი შეფასებით, ანგარიში იმ კითხვარს ეყრდნობა, რომელიც საქართველომ გაზაფხულზე, ანუ ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის შემდეგ შეავსო.