საქართველო-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

ექვს წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. დღეს დილით, თბილისის სადგურში ბაქოდან პირველი მატარებელი შემოვიდა. ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისები, დღეიდან, ყოველდღიურად შესრულდება. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას მიაღწიეს.  მატარებელი ბაქოდან 23:10 წუთზე გამოვა და თბილისში 08:40 ზე შემოვა. თბილისიდან ბაქოს მიმართულებით კი – 21:00ზე გავა და მეორე დღის 06:24 ზე ჩავა. მატარებელი საქართველოს ტერიტორიაზე თბილისის გარდა გარდაბანშიც გაჩერდება.

შეგახსენებთ, ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო რეისები 6 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა. აღსანიშნავია, რომ პირველი რეისი ბაქოდან თბილისში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემოვიდა. რეისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორთან ერთად დახვდა.