რუსული დრონი NATO-ს საჰაერო სივრცეში – თავდასხმა რუმინეთში
ომის დაწყების შემდეგ პირველად ნატოს და ევროკავშირის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრას მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავება მოჰყვა.
რუმინეთის საზღვრისპირა ქალაქი გალაცი დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. „გერანი 2“, იგივე რუსული წარმოების კამიკაძე დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა – დაშავებულია ორი ადამიანი, საჭირო გახდა კორპუსის ევაკუაცია. რუმინეთმა მკაცრი დიპლომატიური ზომები აამოქმედა. კონსტანტაში რუსეთის საკონსულო დახურეს, კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში მაშინ მოხვდა, როცა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან მორიგი მასირებული საჰაერო შეტევები მიმდინარეობდა. ოფიციალური ბუქარესტი მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და ნატოსა და ევროკავშირს დრონებისგან დაცვის სისტემით დახმარებას სთხოვს. დასავლეთის მწვავე კრიტიკას და მძიმე რეაქციებს დღის ბოლოს მუქარით უპასუხეს რუსეთიდან. მშვიდი ძილი დასრულებულია – დიმიტრი მედვედევის ამ სიტყვების ადრესატები ევროკავშირის ქვეყნებია. 2022 წლის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული საფრენი აპარატები რამდენჯერმე დააფიქსირეს, თუმცა რუსული დრონი მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში პირველად შეიჭრა.