ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - გამოხმაურება

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაა შეფასებული. გაფართოების ანგარიშში მოყვანილი პუნქტების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების ნაწილი პოზიტიურად, ნაწილი კი ნეგატიურად ფასდება. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ყურადღების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია და წერია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. „ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა ძირითად რეკომენდაციებში.“ – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ყველაზე შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით. მან განაგრძო თანამშრომლობა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციაზე“, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ უერთდებოდა უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივების, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.“ ანგარიშის მიხედვით, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით საქართველო ზომიერად არის მომზადებული. ევროკომისიის ამავე ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ შეასუსტა ძირითად უფლებათა დაცვის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო. ანგარიშის თანახმად, ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ევროკომისიის ანგარიშს აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.