ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებასა და რეკომენდაციებს მოიცავს. ანგარიშში წერია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, სადაც რამდენიმე რეკომენდაციაა დასახელებული. მათ შორის, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა; გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა; საჭიროა საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა იმ ქვეყნების სიასთან, რომელთანაც ევროკავშირს სავიზო რეჟიმი აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირში; ასევე, გაძლიერდეს ქმედებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადებისა და უკანონოდ დარჩენის საკითხის მოსაგვარებლად. – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს არ განუცდია პროგრესი სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სხვაობა გაიზარდა.