ევროკომისიის ანგარიში – შეფასებები
ევროკომისიის ანგარიში გაფართოების საკითხზე, სადაც საქართველოზეცაა საუბარი, ისევ შეფასებების თემაა თბილისში. ცნობილი ხდება, რომ ანგარიშში გამოქვეყნებული არ არის უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები სხვა ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის გამოყოფილი.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ანგარიშიდან აღნიშნული ჩანაწერების ამოღება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რადგან რეალურად სწორედ ამ მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვას ბევრი პრობლემა აქვთ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კრიტიკული გზავნილები არის სახელისუფლებო გუნდის ნაბიჯების შედეგი.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაღალ შესაძლებლობაზეა საუბარი.