პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა
ევროკომისიის ანგარიშის შესახებ, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტში მსჯელობა გაიმართოს. ანგარიშის განხილვა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი რეალური საფრთხის წინაშე დგას და აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტში აუცილებელია. ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშით გაოგნებულია, რადგან მისი თქმით, პირველად მოხდა ანგარიშში ისეთი ფაქტების დასახელება, რასაც ადგილი არ ჰქონია. სამხარაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, რეგლამენტით ოპოზიციისთვის მინიჭებული უფლებების გამოყენება შესთავაზა. იქნება ეს კომიტეტზე საგარეო ურთიერიერთობათა სამინისტროს წარმომადგენლების მოწვევა, თუ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის მოთხოვნა. მისი თქმით, საკითხის განხილვით თავადაც არის დაინტერესებული.