კრიტიკა ბრიუსელიდან – გამოხმაურებები
საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები მწვავე განხილვის თემაა პოლიტიკურ პარტიებში. შეფასებები კეთდება როგორც გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევაზე, ასევე ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია და მიიჩნევენ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველობაში, ევროპული გაფართოება საქართველოსთვის არ იქნება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპელი პარტნიორები ქართული საზოგადოებისთვის ვიზალიბერალიზაციას არ შეაჩერებენ. მმართველი გუნდი კი ბრიუსელის ნაბიჯებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების დასჯის მცდელობას უწოდებს. გაფართოების ფორუმი ევროკომისიის ორგანიზებით, ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება. ფორუმს სლოგანით „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი უმასპინძლებს. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო, პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია და ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენლობა მიწვეული არ არის. ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.