რატომ ვერ განვითარდნენ კურდღლები ცხენის ზომამდე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
რატომ ვერ განვითარდნენ კურდღლები ცხენის ზომამდე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ვერ გახდნენ ევოლუციის პროცესში კურდღლები და ბოცვრები ცხენის ზომის, მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვთ.

შეიძლება საკმაოდ ქარაფშუტული კითხვა იყოს, მაგრამ წარმოადგენს ევოლუციური მეცნიერების საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს: რა მიზეზის გამო გახდა ცხოველის ზოგიერთი სახეობა ასე მრავალგვარი ზომის, ზოგი კი საკმაოდ პატარა დარჩა?

მაგალითად, კურდღლისნაირები, რომლებშიც შედიან ბოცვრები და კურდღლებიც, ზომებში დიდად არ იცვლებიან, მაგრამ მათი ახლო ნათესავი მღრღნელების ზომები საკმაოდ სხვადასხვაგვარია — აფრიკული ჯუჯა თაგვიდან დაწყებული, ჩაფსკვნილი კაპიბარათი (წყლის გოჭი) დამთავრებული, რომელსაც ამ თაგვებზე გაცილებით მეტი მასა აქვს.

„უდიდესი გარეული კურდღლისნაირები საშუალოდ 5 კგ-ს იწონიან, უდიდესი მღრღნელის, კაპიბარას წონის მხოლოდ მეათედია“, — ამბობს კიოტოს უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგი სუსუმუ ტომია.

მისივე განცხადებით, ზოგიერთი შინაური ბოცვერი და სხვა გადაშენებული სახეობები 8 კგ-მდე აღწევენ, რაც საკმაოდ გასაკვირია და შესაბამისად, კვლევაც დაიწყეს იმის გასარკვევად, რა სახის გარე ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ გარეული კურდღლისნაირები მთელ მსოფლიოში შედარებით პატარა ზომისად დარჩნენ.

მკვლევრებმა შეისწავლეს კურდღლისნაირთა წარსული და ამჟამინდელი ზომები, იკვლევდნენ ამ ძუძუმწოვართა ნამარხებსა და ევოლუციურ ისტორიას, შემდეგ კი ყურადღება მიაპყრეს ეკოლოგიურ ფაქტორებს. როგორც ირკვევა, კურდღლისნაირთა ზომასთან შეიძლება კავშირში იყვნენ ჩლიქოსანი ცხოველები.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ზომის კურდღლისნაირისა და ჩლიქოსნის მიერ მოხმარებული ენერგია. როგორც დაადგინეს, მას შემდეგ, რაც კურდღლისნაირების მასა დაახლოებით 6 კილოგრამს მიაღწევს, ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებიან ჩლიქოსნებთან კონკურენციაში.

ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილმა ნამარხებმა კი გაამყარა ის მოსაზრება, რომ იმ ზონის თანამედროვე ყველაზე პატარა ჩლიქოსანი საკმაოდ დიდი ფაქტორი იყო ყველაზე დიდი კურდღლისნაირის ზომის განსაზღვრაში — მასზე დიდს უკვე ნაკლები შანსი ჰქონდა გადარჩენილიყო დიდ, გარშემო ბინადარ უფრო ენერგოეფექტიან ჩლიქოსნების გვერდით.

„ამ მახასიათებელს დღეს მრავალ ეკორეგიონში ვხედავთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კურღლისნაირებს მათმა ჩლიქოსანმა კონკურენტებმა ევოლუციური ზღვარი დაუწესეს“, — ამბობს ტომია.

მკვლევრების განცხადებით, არის სხვა ფაქტორების, რომლებიც მაშინ ჩაირთო, როდესაც კურდღლისნაირები იმდენად დიდები გახდნენ, რომ მათი ზომა უკვე არახელსაყრელი იყო ოპტიმალური მოცულობით მოქმედებისთვის: კონკურენცია ამავე ჯგუფის სხვა ცხოველებთან და მტაცებელთა მხრიდან გაზრდილი საფრთხე.

თუმცა, ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში მაინც ჩლიქოსნებმა შეასრულეს. კვლევა ითვალისწინებს სახეობათა ევოლუციის ორ საპირისპირო მოსაზრებას: „წითელი დედოფლის“ ჰიპოთეზას, რომელიც ყველაზე დიდ მნიშვნელობას სახეობათა კონკურენციას მიაწერს; და „კარის მასხარას“ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდი გავლენა აქვს ისეთ აბიოტურ ფაქტორებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილება.

„წითელი დედოფლისა“ და „კარის მასხარას“ მოდელების შედარება

კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია წითელი დედოფლის მოდელი, ვიდრე აბიოტური ძალები, რომლებიც ცხოველთა კონკურენციასთან კავშირში არ არის.

„ევოლუციურ ბიოლოგიაში მიმდინარე დებატი იმას ეხება, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მრავალფეროვნების ფორმირებისთვის — ბიოლოგიური თუ გარემოებითი პროცესები“, — ამბობს ტომია.

მისივე განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში, დომინანტი იყო კარის მასხარას მოდელი (მრავალფეროვნებას მიაწერს აბიოტურ ძალებს, მაგალითად, კლიმატს), რადგან ნამარხების საფუძველზე ძალიან ძნელია ბიოლოგიურ ურთიერთქმედებათა შესწავლა.

კვლევის ასეთი შედეგი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ შეუძლებელია უგულებელყო სახეობათა შორის კონკურენციის შედეგები, რაც როგორც ჩანს, მთავარი მიზეზია იმისა, რომ დღეს ცხენის ზომის კურდღლები და ბოცვრები არ გვყავს.

კვლევა ჟურნალ Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.