ტარანტულები მსოფლიოში ყველგან არიან, ახლა უკვე ვიცით, რატომ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ტარანტულები მსოფლიოში ყველგან არიან, ახლა უკვე ვიცით, რატომ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ცოტა ობობა თუ აღძრავს ადამიანში იმხელა რეაქციას, რასაც სახელგანთქმული და თავზარდამცემი ტარანტული. ეს გიგანტური, ბანჯგვლიანი არაქნიდები ცნობილი არიან გამორჩეული ზომით, კაშკაშა ფერებით და განსხვავებული ფიზიკური ატრიბუტებით.

თუმცა, ტარანტული მხოლოდ ზომით როდი გამოირჩევა. საოცარია ამ არსების გავრცელება დედამიწის მასშტაბით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის შედარებით უმოძრაო არსებაა; განსაკუთრებით კი ახალგაზრდები და მდედრები, რომლებიც სოროდან იშვიათად გამოდიან ან მას საერთოდაც არ ტოვებენ.

მიუხედავად ამისა, ტარანტულები თითქმის ყველგან გვხვდება, დედამიწის ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა.

„ისინი საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული და ყველა კონტინენტის სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდებიან“, — წერს ახალ კვლევაში მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსი სორშა ფოლი ხელმძღვანელობდა.

მათივე განცხადებით, ამ ობობების ქცევიდან გამომდინარე, ისინი წარმატებით ვერ უნდა მიმოფანტულიყვნენ, მაგრამ ტარანტულები მაინც გავრცელდნენ პლანეტის მასშტაბით და ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული ეკოლოგიური ნიშები აითვისეს.

რამ შეიძლება ახსნას ტარანტული ობობების ასეთი წარმატებული მიგრაცია მსოფლიოს მრავალ წერტილში?

ახალ კვლევაში, ფოლიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ტარანტულების ბიოგეოგრაფიულ მახასიათებელთა ისტორია, ანალიზი ჩაუტარეს ტარანტულის ინფორმაციულ რნმ-ს ტრანსკრიპტომის ბაზაში და შექმნეს მოდელი, როგორ უნდა განვითარებულიყო ტარანტულის ოჯახური ხე ევოლუციის ჰიპოთოეზირებული 120 მილიონი წლის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ტარანტულის ფართოდ გავრცელების საკვანძო ფაქტორია წინაპრები, რადგან მათი ადრეული წინაპრები მსოფლიოს გარშემო კონტინენტების დრეიფთან ერთად მოგზაურობდნენ, როდესაც სუპერკონტინენტ გონდვანას დაშლის შემდეგ, პლანეტის ფუნდამენტური სახმელეთო მასები მილიონობით წლის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ.

„წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ტარანტულები 150 – 107 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, რაც გონდვანურ წარმოშობასაც ეთანხმება. მართლაც, ზოგიერთი ტარანტულა სავარაუდოდ ჩრდილოეთ გონდვანის ტაქსონს ეკუთვნის“, — წერენ მკვლევრები.

ანალიზებისას ჯგუფმა აზიაში, ინდოეთს გარეთ იპოვა ორი ცალკეული უძველესი ტარანტულას გავრცელების მტკიცებულება, როდესაც დაახლოებით 55-35 მლნ წლის წინ, ინდოეთის სუბკონტინენტი აზიას შეეჯახა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანალიზები ტარანტულების გონდვანურ წარმოშობაზე მიუთითებს, ეს მახასიათებლები ასევე მიუთითებს იმასაც, რომ ტარანტულები ყოველთვის არ იყვნენ ოკეანეთში და მისი ერთ-ერთი ქვეოჯახი, Selenocosmiinae აზიაში გამრავალფეროვნდა, თანდათანობით გადაკვეთა უოლესის ხაზი (საზღვარი, რომელიც აზიისა და ავსტრალია-ოკეანეთის ეკოზონებს ყოფს) ინდოეთისა და აზიის შეჯახების შემდეგ, სახმელეთო ქვეოჯახი Thrigmopoeinae კი ინდოეთში დარჩა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ორივე ეს აზიური ხაზი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როდესაც ინდოეთის ფილა აზიისკენ მიემართებოდა; საინტერესოა ისიც, რომ ეს ორი ხაზი ერთმანეთისგან ეკოლოგიურადაც განსხვავებული ჩანს.

საბოლოო ჯამში, როგორც შედეგები მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტების დრეიფმა ცენტრალური როლი ითამაშა ამ უძველესი ობობების მიერ ახალი კონტინენტების ათვისებაში, გეოგრაფიული გავრცელებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ევოლუციური ადაპტაციები, რათა ახალ გარემოს შეგუებოდნენ.

კვლევა ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.