კლიმატის ცვლილების ეფექტებმა ობობები უფრო აგრესიული გახადა - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების ეფექტებმა ობობები უფრო აგრესიული გახადა - ახალი კვლევა

კლიმატის დრამატულ ცვლილებას მრავალი ისეთი უარყოფითი გვერდითი ეფექტი აქვს, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით. ახლახან, მეცნიერებმა ერთ-ერთ სწორედ ასეთ ეფექტს მიაგნეს — ძლიერ გაღიზიანებულ ობობებს.

გამთბარი კლიმატის გამო გახშირდა ტროპიკული შტორმები, გაიზარდა მათი სიძლიერეც. მეცნიერები ასევე პროგნოზირებენ, რომ გაიზრდება „შავი გედის“ სახელით ცნობილი ამინდის ფენომენები. ასე უწოდეს იმიტომ, რომ ეს მოვლენები უპრეცედენტოა თავიანთ სიძლიერით.

როგორც ჩანს, როცა საქმე ეხება სოციალურ ობობებს, უფრო აგრესიულები ისინი არიან, რომლებიც ბობოქარ ამინდს გადაურჩნენ და გამომდინარე აქედან, თავიანთ თვისებებს შემდეგ თაობებს გადასცემენ.

ევოლუციური ბიოლოგის, ჯონათან პრუიტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია გავიგოთ ასეთი „შავი გედი“ ამინდის გავლენები ევოლუციასა და ბუნებრივ გადარჩევაზე.

მისი თქმით, ზღვის დონის მატებასთან ერთად, იზრდება ტროპიკულ შტორმთა სიხშირე. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა შევისწავლოთ ამ შტორმების ეკოლოგიური და ევოლუციური გავლენები ცხოველებზე.

კონკრეტული ობობა, რომელზეც ამ ყველაფერმა უკვე მოახდინა გავლენა, არის არაქნიდი სახელად Anelosimus studiosus-ი. ბინადრობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, მათ შორის აშშ-ი აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის სანაპიროებზე, სადაც მაისიდან ნოემბრამდე ხშირია ატლანტის ოკეანიდან მოსული ტროპიკული ციკლონები.

როგორც წესი, ეს ობობები კოლონიებად ცხოვრობენ სამგანზომილებიან აბლაბუდებში. ტბებისა და მდინარეების თავზე ჩამოკიდებულ თითოეულ ასეთ აბლაბუდაში ხშირად რამდენიმე ასეული მდედრი ბინადრობს.

თუმცა, ისინი არც თუ ისე მეგობრულები არიან იგივე სივრცეში ბინადარი სხვა პატარა ობობების მიმართ. სახეობისათვის დამახასიათებელია ქცევის ორი განსხვავებული ქცევითი ფენოტიპი. ზოგიერთი ობობა უფრო ტოლერანტული და მშვიდია, ზოგი კი აგრესიული. ხშირად მათ ერთმანეთის გვერდით უწევთ ცხოვრება ერთ კოლონიაში. რაც უფრო მეტი აგრესიული ობობაა კოლონიაში, უფრო აგრესიულია მთლიანად კოლონიაც.

რაც მთავარია, მათი ეს აგრესია მემკვიდრეობითია.

უფრო აგრესიული ობობები უფრო სწრაფად პასუხობენ როგორც მტაცებლებს, ისე მსხვერპლს, მაგრამ თავს ესხმიან საკუთარი სახეობის წარმომადგენლებსაც, ჭამენ საკუთარ კვერცხებსა და სახეობის მამრ ობობებს.

როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, A. Studiosus-ის ობობებში კოლონიის აგრესიულობა მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლიდან მდედრ შვილს, რაც უმთავრესი განმსაზღვრელია ჰაბიტატში ობობის გადარჩენისა და ნაყოფიერებისათვის.

მკვლევართა დასკვნით, აგრესიულობა ობობებში დაკავშირებულია ჰაბიტატის რესურსებთან, რაც ასევე იცვლება ტროპიკულ ციკლონთა საპასუხოდ.

იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ამ შტორმებს გავლენა ობობების აგრესიულობაზე, მკვლევრები წინასწარ პროგნოზირებულ შტორმს უცდიდნენ, რომლის დადგომისთანავე შეისწავლეს რამდენიმე კოლონია. შტორმის დასრულებიდან 48 საათის შემდეგ, ისინი ადგილზე დაბრუნდნენ და კოლონიები კვლავ შეისწავლეს.

მეცნიერებმა ასევე ჩაიწერეს თითოეულ კოლონიაში არსებული კვერცხებისა და ახალგაზრდა ობობების გადარჩენის მაჩვენებლები. საერთო ჯამში, 2018 წელს ჯგუფმა შეარჩია სამი დიდი ციკლონი და შეისწავლა 240 კოლონია; მათგან ზოგიერთი შტორმმა დააზიანა, ზოგიც მისი ზონის მიღმა მდებარეობდა.

თავდაპირველი დარტყმის შემდეგ, კოლონიაში გადარჩენის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, 75,42 პროცენტი. საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, შემცირდა კვერცხის დებისა და ახალგაზრდა ობობების გადარჩენის მაჩვენებელი. თუმცა, ეს მაჩვენებელი თანაბარი არ იყო აგრესიულ და მშვიდობიან კოლონიებს შორის.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ შტორმის შემდეგ, ზამთრის დასაწყიში, უფრო აგრესიულ კოლონიებში მაღალი იყო კვრეცხის დებისა და ახლად გამოჩეკილი ობობების გადარჩენის მაჩვენებელი. თუმცა, საპირისპირო ხდებოდა სხვა კოლონიებში.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი ტენდენცია შეინიშნებოდა ზომით, ხანგრძლივობითა თუ სიძლიერით განსხვავებულ მრავალ სხვადასხვა შტორმში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ეფექტები სულაც არ არის უჩვეულო და წარმოადგენს მტკიცე ევოლუციურ პასუხს.

ამ ყველაფრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც გავლენა ნამდვილად აქვს შტორმის შემდეგ საკვების შემცირებას. რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულნი უნდა იყვნენ მეტოქე ობობის სახეობებიც, რათა კოლონია დამპყრობლებისგან დაიცვან.

საბოლოო ჯამში, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რადგან დედა ობობები ზედმეტად დაკავებული არიან საკვების მოპოვებითა და რესურსების დაცვით, რაც მათ ნაშიერებს იძულებულს ხდის განუვითარდეთ გადარჩენის ძლიერი უნარები.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.