მომაკვდინებელი, წამლებისადმი რეზისტენტული სოკოვანი ინფექციის გამოჩენა შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან იყოს კავშირში
მომაკვდინებელი, წამლებისადმი რეზისტენტული სოკოვანი ინფექციის გამოჩენა შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან იყოს კავშირში

სამი წლის წინ, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ათასობით კლინიკასა და საავადმყოფოს მოუწოდებდა, ფრთხილად ყოფილიყვნენ ახალ, სწრაფად გავრცელებად საფუარ სოკოსთან, რომელიც მთელ მსოფლიოში პოტენციურად ფატალურ ინფექციას იწვევდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

Candida auris-ი პირველად ათი წლის წინ გამოავლინეს და მას შემდეგ, გლობალური ჯანდაცვის სერიოზულ საფრთხედ იქცა. განსაკუთრებით საშიში ის იმუნური სისტემის პრობლემების მქონე პაციენტებისთვისაა.

ეს სოკო 30-ზე მეტ ქვეყანაში დააფიქსირეს, მაგრამ სავარაუდოდ, გავრცელების არეალი უფრო დიდია, რადგან ამ ორგანიზმის იდენტიფიცირება ურთულესია სპეციალური ლაბორატორიული მეთოდების გარეშე.

გარდა ამისა, ის რეზისტენტულია სოკოს საწინააღმდეგო მრავალი წამლის მიმართ, შეუძლია გავრცელდეს საავადმყოფოს პაციენტებსა და თანამშრომლებს შორის და გამოიწვიოს ეპიდემია. ინფექციას შეუძლია სისხლის ნაკადის, გულისა და ტვინის ინფექციების გამოწვევა. ადრეული კვლევების მიხედვით, პაციენტთა 30-60 პროცენტ შემთხვევაში ის მომაკვდინებელია.

მკვლევრებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ამ სოკოს ბუნებრივი გარემოდან იზოლირება. ვერც ის გაარკვიეს, როგორ გაჩნდა გენეტიკურად განსხვავებული ვერსიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე დროს ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

ამერიკელ და ნიდერლანდელ მეცნიერებს უკვე აქვთ ახალი თეორია. მათი აზრით, გადამწყვეტი როლი შესაძლოა გლობალურმა დათბობამ შეასრულა, რაც ალბათ პირველი შემთხვევა იქნება, როცა სოკოვანი დაავადება კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.

სოკოვანი ინფექციები ადამიანებში იშვიათია. ძუძუმწოვრებს სოკოვან ინფექციებთან მიმართებაში უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ვიდრე სხვა ორგანიზმებს. გარდა ამისა, ბუნებაში არსებულ სოკოების უმეტესობას ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე გაზრდა არ შეუძლია.

თუმცა, მკვლევართა განცხადებით, კლიმატის თბობასთან ერთად, C. Auris-მა გამოიჩინა შეგუება, რისი წყალობითაც მას ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე, 37 გრადუსამდე გარემოში შეუძლია გამრავლება.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, არტურო კასადევალმა და მისმა კოლეგებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან და უტრეხტის ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტიდან, C. Auris-ი მის ყველაზე ახლობელ სახეობებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მომაკვდინებელ სოკოს უფრო მაღალ ტემპერატურაზე ზრდაც შეუძლია.

კასადევალის თქმით, Candida auris-ში ყველაზე იდუმალი ის არის, რომ ის ერთდროულად გამოჩნდა სამ სხვადასხვა კონტინენტზე, რისი ახსნაც საკმაოდ ძნელია. როგორც ჩანს, რაღაც მოხდა ისეთი, რამაც ეს პროცესი გამოიწვია.

„რა შეიძლება იყოს ამის საერთო მიზეზი ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხსა და საზოგადოებებში? მათ ერთი რამ აქვთ საერთო — გამთბარი მსოფლიო“, — აღნიშნავს კასადევალი.

თუკი მეცნიერები იპოვნიან ტალახს ან ტბას, საიდანაც ეს სოკოები მოდის და შემდეგ შეისწავლიან მათ ახლო ნათესავებს, შეეძლებათ იმის გარკვევაც, როგორ შეეგუა C. Auris- მაღალ ტემპერატურაზე ზრდას.

მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ სოკოს გამოჩენას მხოლოდ გარემოში გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ცვლილებები ვერ ხსნის. მათი თქმით, ამ თეორიას დამტკიცება ესაჭიროება.

ამ სოკოების გამოჩენის სხვა მიზეზთა შორის არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებათა ფართო გავრცელება და სოფლის მეურნეობაში ფუნგიციდების ჭარბი მოხმარება.

კვლევა ჟურნალ American Society of Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.