ბანანის კულტურა საფრთხეშია - კლიმატის ცვლილებამ მომაკვდინებელი დაავადება გააძლიერა
ბანანის კულტურა საფრთხეშია - კლიმატის ცვლილებამ მომაკვდინებელი დაავადება გააძლიერა

კლიმატის ცვლილება ზრდის იმ სოკოვანი დაავადების რისკს, რომელიც ბანანის კულტურას ანადგურებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

დაავადებას შავი სიგატოკა ჰქვია და მსოფლიოში მე-20 საუკუნის ბოლოს აზიიდან გავრცელდა, ბოლო წლებში ის შეიჭრა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის იმ ზონებშიც, სადაც ბანანი მოჰყავთ.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ექსტერის უნივერსიტეტმა ჩაატარა, ტენიანობისა და ტემპერატურის ზრდა ამ ზონებში შავი სიგატოკას რისკებს 44 პროცენტით ზრდის.

დაავადების გავრცელებას ხელი ასევე შეუწყო ბანანის წარმოებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ზრდამ. საბოლოო შედეგი კი შესაძლოა, ბანანის წარმოების 80 პროცენტით შემცირება იყოს.

დაავადება შავი სიგატოკას გამომწვევი მიზეზია სოკო სახელად (Pseudocercospora fijiensis), რომლის სიცოცხლის ციკლიც ძლიერ არის დამოკიდებული ამინდსა და მიკროკლიმატზე.

ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევრის, დენიელ ბებერის განცხადებით, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა უკეთესი გახადა სპორების აღმოცენებისა და ზრდისთვის. ეს კი ძალიან ზრდის ლათინური ამერიკის ბანანის ზონებში ამ ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკს.

ბებერის თქმით, მართალია, მათ მიერ შესწავლილ რეგიონებში შავი სიგატოკას ზოგადი ზრდის რისკები მაღალია, მაგრამ მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ რეგიონში კლიმატის გაშრობამ ინფექციის რისკი შემაცირა.

კვლევის ფარგლებში მოხდა გასული 60 წლის განმავლობაში კლიმატისა და შავი სიგატოკას შესახებ შეგროვებულ მონაცემთა კომბინირება.

შავი სიგატოკა მომაკვდინებელია ბანანის მრავალი სახეობისათვის. ამერიკაში ის პირველად ჰონდურასში გამოჩნდა, 1972 წელს.

სოკო თანდათან მთელ რეგიონში გავრცელდა და 1998 წლისთვის მიაღწია ბრაზილიას, 2000-იან წლებში კი კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკას, სენტ-ლუსიას, სენტ-ვინსენტი და გრენადინებს.

დაავადება უკვე ჩრდილოეთით, ფლორიდამდეც გავრცელდა.

როგორც ბებერი აღნიშნავს, სოკო ჰონდურასში აზიიდან კვლევებისთვის შეტანილი მცენარეების საშალებით მოხვდა, მაგრამ მოდელები მიუთითებს, რომ გასული 60 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ მისგან მომავალი საფრთხეები გაცილებით გაზარდა.

სოკო Pseudocercospora fijiensis-ი ჰაერში სპორების საშუალებით ვრცელდება, აზიანებს ბანანის ფოთლებს, იწვევს მათ აჭრელებასა და უჯრედების სიკვდილს, რადგან სოკოვანი შხამები სინათლეზე აქტიურდება.

მომზადებულია exeter.ac.uk-ის მიხედვით.