ყავის სახეობათა უმეტესობას გადაშენება ემუქრება
ყავის სახეობათა უმეტესობას გადაშენება ემუქრება

ყავის წარმოების მომავალი იმაზე უფრო ბნელია, ვიდრე დილით თქვენს ფინჯანში არსებული ყავა. კლიმატის ცვლილების, დაავადებებისა და დეფორესტაციის (გაუტყიურება) მომაკვდინებელი კომბინაცია, მრავალ მილიარდ დოლარიან ბიზნესს განადგურებით ემუქრება.

ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების მკვლევრებმა დაიანგარიშეს, რომ მეცნიერებისთვის ცნობილი ყავის 124 სახეობიდან, დაახლოებით 60 პროცენტი გადაშენების წინაშეა.

მსოფლიოს ზოგიერთ წერტილში სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა. მაგალითად, საფრთხის ქვეშაა მადაგასკარსა და ინდოეთის ოკეანის სხვა კუნძულებზე გავრცელებული ყავის ველური სახეობების 71 პროცენტი.

მკვლევართა განცხადებით, 60 პროცენტი იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ ჩვეულებრივი გადაშენების რისკის მაჩვენებელს ბევრად აღემატება და შესაბამისად, ყავა ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება.

უახლესი კომპიუტერული მოდელირების უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კვლევის ავტორმა აარონ დევისმა და მისმა ჯგუფმა განსაზღვრა, რომ გადაშენების პირასაა ყავის სახეობათა 75 პროცენტი. მათ შორის, კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფად კლასიფიცირდა 13 სახეობა, საფრთხის ქვეშ მყოფად 40 სახეობა, 22 კი მოწყვლადად.

უნდა აღინიშნოს, რომ მოხმარებისათვის ყველა ეს სახეობა გამოსადეგი არ არის, მაგრამ გენეტიკური მრავალფეროვნება არსებობისათვის ბუნებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამჟამად, კოფეინის მისაღებად მსოფლიო დამოკიდებულია ყავის მხოლოდ ორ სახეობაზე — არაბიკასა (Coffea arabica) და რობუსტაზე (C. canephora); ორივე მათგანის კულტივირება ასობით წლის წინ მოხდა.

ეჭვგარეშეა, ყველაზე პოპულარული არაბიკაა, რომელსაც უკვე ათას წელზე მეტია ეთიოპიასა და სამხრეთ სუდანში აგროვებენ. სწორედ მასზე მოდის ყავის მსოფლიო გაყიდვების 60-70 პროცენტი.

ტყეების უმოწყალოდ ჩეხვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობელობის გამო, მან საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა ჩამონათვალში გადაინაცვლა.

„ეთიოპია არაბიკა ყავის სამშობლოა. ამ ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის არაბიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მისი გადარჩენის წინაშე მდგარი რისკების შესახებ“, — ამბობს ტადის ვოლდერმარიამი, რომელიც სწავლობს, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ყავაზე.

ეთიოპიის ბოლო ოთხი ათწლეულის კლიმატური მონაცემების შესწავლისას, ჯგუფმა განსაზღვრა, თუ რა გავლებას ახდენს ყავის ბუნებრივ ჰაბიტატზე დეფორესტაცია, გვალვა და დაავადებები.

უკვე ასობით წელია, არაბიკას საძირედ ფერმერები მის გარეულ ნათესავებს იყენებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მცენარე კლიმატის ცვლილების, დაავადებებისა და პესტიციდების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, სავარაუდოდ, საჭიროა ამ ტექნიკის კიდევ უფრო დახვეწა.

თუმცა, მათ გარეულ ნათესავებში სასარგებლო გენების შეყვანის გარეშე, შესაძლოა, არაბიკა და რობუსტა დიდხანს ვეღარ გადარჩნენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. სწრაფად მოქმედების შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. ამისათვის უპირველესად საჭიროა მცენარის ბუნებრივი ჰაბიტატის გაფართოება და დაცვა, ისევე როგორც მისი გენეტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

ყავის მოყვარულებს ამ ეტაპზე შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ამჟამად დეფიციტის საშიშროება არ არსებობს. თუმცა, უმოქმედობის შემთხვევაში, შიშის საფუძველი უახლოეს მომავალში ნამდვილად იქნება.

2016 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევა იუწყებოდა, რომ სულ რამდენიმე ათწლეულში, კლიმატის ცვლილება ყავის წარმოებას 50 პროცენტით შეამცირებდა.

აარონ დევისის თქმით, თუ ყავის მოყვარული ხართ, უახლოეს ხანებში შიშის საფუძველი არ გაქვთ, მაგრამ თუ არაფერი ვიღონეთ, ერთ მშვენიერ დღესაც, ჩვენი საყვარელი სასმელი სამუდამოდ გაქრება.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.