დედამიწის ბიოსფერო სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ინგრედიენტს შეიცავს. ესენია — თხევადი წყალი, ენერგიის სულ მცირე ერთი წყარო, და ბიოლოგიურად ვარგისი ელემენტებისა და მოლეკულების მარაგი.
თუმცა, ცოტა ხნის წინ ვენერას ატმოსფეროში შესაძლო ბიოლოგიური წარმოშობის ფოსფინის აღმოჩენა შეგვახსენებს, რომ ამ ინგრედიენტთა გარკვეული ნაწილი მთელ მზის სისტემაშია წარმოდგენილი. გამომდინარე აქედან, რომელია არამიწიერი სიცოცხლისთვის ყველაზე იმედისმომცემი სხვა პლანეტური სხეულები?
მარსი
მზის სისტემაში მარსი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას. მისი დღე-ღამე 24,5 საათს გრძელდება; პოლუსებზე არსებული ყინულის ქუდები სეზონების შესაბამისად დიდდება და პატარავდება; საკმაოდ მრვალფეროვანია მარსის ზედაპირიც, რომლის მრავალი წარმონაქმნიც წყლის შემოქმედებაა პლანეტის შორეულ წარსულში.
სამხრეთ პოლუსის ყინულის ქუდის ქვეშ თხევადი წყლის ტბის აღმოჩენა და ატმოსფეროში მეთანის დაფიქსირება (რომლის რაოდენობაც სეზონებისა და დღის განმავლობაში იცვლება) მარსს სიცოცხლისათვის საკმაოდ საინტერესო კანდიდატად აქცევს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეთანი, რადგან მისი წარმოქმნა შესაძლებელია ბიოლოგიური პროცესებით. თუმცა, მარსის მეთანის ნამდვილი წყარო ჯერჯერობით უცნობია.
არ არის გამორიცხული, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე ერთ დროს მართლაც აღმოცენდა, თუ გავითვალისწინებთ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, მარსს წარსულში საკმაოდ ხელსაყრელი გარემო ჰქონდა. დღეს პლანეტას ძალიან თხელი, მშრალი ატმოსფერო აქვს, რომელიც თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგება.
ამის გამო, ზედაპირი ძალიან მცირედით არის დაცული მზის და კოსმოსური რადიაციისგან. თუკი მარსმა ზედაპირქვეშ თხევადი წყლის გარკვეული მარაგების შენარჩუნება შეძლო, არ არის გამორიცხული, რომ დღეს იქ სიცოცხლე არსებობდეს.
ევროპა
იუპიტერის სამ სხვა დიდ თანამგზვართან ერთად, ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. ის დედამიწის მთვარეზე ოდნავ პატარაა და გაზის გიგანტ პლანეტას გარს უვლის ყოველ 3,5 დღეში ერთხელ, 670 000 კმ მანძილიდან.
ევროპას მუდმივად ჭიმავს და კუმშავს იუპიტერისა და გალილეოს მიერ აღმოჩენილი სხვა სამი მთვარის ერთმანეთთან მოქიშპე გრავიტაცია; ამ პროცესს მოქცევით მოკეცვას უწოდებენ.
მიჩნეულია, რომ ევროპა დედამიწის მსგავსად გეოლოგიურად აქტიური სხეულია, რადგან ძლიერი მოქცევითი მოკეცვა აცხელებს მის კლდოვან, ლითონურ წიაღს, რის გამოც ის ნაწილობრივ თხევად მდგომარეობაშია.
ევროპას ზედაპირი წყლის ყინულით არის დაფარული. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ მისი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ იმალება თხევადი წყლის ფენა — გლობალური ოკეანე, რომლის სიღრმეც შეიძლება 100 კმ-იც იყოს და რომელსაც გაყინვისგან მოქცევითი მოკეცვისას გამოყოფილი სითბო იცავს.
ამ ოკეანის არსებობის მტკიცებულებაა ზედაპირის ყინულზე გაჩენილი ნაპრალებიდან ამომავალი გეიზერები, ზედაპირის სუსტი მაგნიტური ველი და ქაოსური რელიეფი, რომლის დეფორმაციაც შეიძლება ქვეშ მდებარე ოკეანის დინებებმა მოახდინა. ეს ყინულოვანი გარსი ახდენს ზედაპირქვეშა ოკეანის იზოლირებას უკიდურესი სიცივისა და კოსმოსის ვაკუუმისგან, ისევე როგორც იუპიტერის სასტიკი რადიაციული სარტყლებისგან.
ძლიერ სარწმუნოა, რომ ამ ოკეანის ფსკერზე არსებობდეს ჰიდროთერმული ღრმულები და წყალქვეშა ვულკანები. დედამიწაზე, ასეთ წარმონაქმნებთან ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ეკოსისტემებია.
ენცელადი
ევროპას მსგავსად, ენცელადიც ყინულით დაფარული მთვარეა, რომელიც ზედაპირქვეშ ასევე მალავს თხევადი წყლის ოკეანეს. ენცელადი სატურნის თანამგზავრია და მეცნიერთა ყურადღება, როგორც სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელმა სხეულმა პირველად მაშინ მიიქცია, როდესაც მის სამხრეთ პოლუსთან უზარმაზარი გეიზერები დააფიქსირეს.
წყლის ეს ჭავლები ზედაპირზე არსებული დიდი ნაპრალებიდან ამოდის და ენცელადის სუსტი გრავიტაციული ველის გამო, კოსმოსში იფრქვევა. ეს იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ ენცელადის ზედაპირქვეშ თხევადი წყალი იმალება.
ამ გეიზერებში არა მხოლოდ წყალი, არამედ მთელ რიგი ორგანული მოლეკულებიც დააფიქსირეს და რაც მთავარია, მათში აღმოჩნდა კლდოვანი სილიკატის ნაწილაკები, რომლებიც ზედაპირქვეშა ოკეანის წყალში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს, თუ ეხება ოკეანის სულ მცირე 90 გრადუსზე გაცხელებულ კლდოვან ფსკერს.
ეს კი ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული ღრმულების არსებობის ძალიან ძლიერი მტკიცებულებაა, რომლებიც სიცოცხლისათვის საჭირო ქიმიურ ნივთიერებებსა და ენერგიის ლოკალიზებულ წყაროს უზრუნველყოფენ.
ტიტანი
ტიტანი სატურნის უდიდესი თანამგზავრია და ერთადერთი მთვარე მზის სისტემაში, რომელსაც რეალური ატმოსფერო აქვს. ტიტანი მოიცავს კომპლექსური ორგანული მოლეკულების სქელ ნარინჯისფერ ნისლს და წყლის ნაცვლად მეთანის ამინდის სისტემას, რომელიც სავსეა სეზონური წვიმებითა და მშრალი პერიოდებით. ტიტანის ზედაპირზე არის ქარის მიერ წარმოქმნილი ქვიშის დიუნები.
ატმოსფერო ძირითადად აზოტისგან შედგება. ეს მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტი გამოიყენება სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმის ცილების მშენებლობაში. რადარულმა დაკვირვებებმა ტიტანის ზედაპირზე დააფიქსირა თხევადი მეთანისა და ეთანის მდინარეები და ტბები, ასევე, სავარაუდოდ კრიოვულკანებიც — ვულკანის მსგავსი წარმონაქმნები, საიდანაც ლავის ნაცვლად თხევადი წყალი იფრქვევა.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპასა და ენცელადის მსგავსად, თხევადი წყლის ზედაპირქვეშა მარაგი ტიტანსაც აქვს.
მზისგან ასე ძალიან შორს, ტიტანის ზედაპირზე ტემპერატურა -180 ˚C-ია, ანუ იქ ვერ იქნება თხევადი წყალი. მიუხედავად ამისა, ტიტანზე უხვად არსებული ქიმიური ნივთიერებები წარმოშობს სპეკულაციებს, რომ იქ შეიძლება არსებობდეს დედამიწისეული ორგანიზმებისგან ფუნდამენტურად განსხვავებული ქიმიის მქონე სიცოცხლის ფორმები.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.