სატურნის მთვარე ტიტანზე მძვინვარე ქვიშის შტორმი დააფიქსირეს
სატურნის მთვარე ტიტანზე მძვინვარე ქვიშის შტორმი დააფიქსირეს

სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე ასტრონომებმა ქვიშის შტორმი დააფიქსირეს. შტორმი სატურნის მთვარის ეკვატორული რეგიონის გასწვრივ მძვინვარებს. შედეგად, ტიტანი მესამე სხეულია მზის სისტემაში დედამიწისა და მარსის შემდეგ, სადაც ასეთი ქარიშხალი არსებობს.

ტიტანის ქვიშის შტორმი მეცნიერებმა NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემების შესწავლისას აღმოაჩინეს. კასინის მისია სატურნსა და მისი მთვარეების სისტემას 2004-2017 წლებში იკვლევდა. 2017 წლის 15 სექტემბერს, ხომალდი NASA-მ განზრახ ჩაძირა და გაანადგურა რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროში, რათა მისიის დასრულების შემდეგ, უმისამართოდ ხეტიალისას, „კასინის“ სატურნის სისტემა დედამიწისეული მიკრობებით არ დაებინძურებინა.

NASA-ს და ESA-ს ერთობლივ განცხადებაში, კვლევის ავტორი სებასტრიან როდრიგესი აღნიშნავს, რომ ტიტანი ძალიან აქტიური მთვარეა. მისი თქმით, მეცნიერთათვის უკვე ცნობილი იყო მისი გეოლოგიისა და ნახშირწყალბადთა ეგზოტიკური ციკლის შესახებ, ახლა კი ტიტანი კიდევ ერთი რაღაცით — ქვიშის აქტიური ციკლით დაემსგავსა დედამიწასა და მარსს.

ზუსტად ისე, როგორც ატლანტის ოკეანე წარმოქმნის ტროპიკული ქარიშხლების სეზონს, თხევადი მეთანისა და ეთანის ტბები და ზღვები ტიტანის ეკვატორთან წარმოქმნიან მძლავრ შტორმებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მზის სხივები ნახშირწყალბადთა მოლეკულებს აორთქლებს.

მეთანის ეს უნიკალური ციკლი პირველად სწორედ როდრიგესის ჯგუფმა აღმოაჩინა, როცა „კასინის“ ინფრაწითელ სურათებში, ეკვატორთან მათ სამი კაშკაშა ნათება შენიშნეს.

თავდაპირველად, ჯგუფმა ჩათვალა, რომ „კასინის“ მიერ 2009-2010 წლებში გადაღებულ ფოტოებში არსებული კაშკაშა წერტილები უბრალოდ მეთანის ღრუბლები იყო.

კოსმოსურ სააგენტოთა განცხადების თანახმად, მკვლევრებმა შექმნეს მოდელები, რომლებმაც მიუთითა, რომ ეს მახასიათებლები დაკავშირებული იყო ტიტანის ატმოსფეროსთან, მაგრამ მდებარეობდა ზედაპირთან ძალიან ახლოს.

ჯგუფმა ხმელეთის მიზეზი გამორიცხა, რადგან მიწის ფორმაციებს სხვანაირი ქიმიური ხელწერა უნდა ჰქონოდა და იმაზე უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო ხილული, ვიდრე ეს ლაქები იყო. ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ეს კაშკაშა წერტილები მხოლოდ 11 საათის განმავლობაში ჩანდა ხუთი კვირის მანძილზე.

იმის გამო, რომ უცნაური მახასიათებლები ზედაპირთან ახლოს იყო და ტიტანის ეკვატორის სიახლოვეს არსებულ დიუნათა ველის თავზე მდებარეობდა, ჯგუფმა დაასკვნა, რომ ეს კაშკაშა წერტილები უდაბნოში მოძრავი ქვიშის ღრუბლები იყო.

ქვიშის შტორმი ტიტანზე, მხატვრული წარმოსახვა. ფოტო: NASA

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.