სატურნის მთვარე ტიტანს „ზღვის დონე“ გააჩნია - კიდევ ერთი მსგავსება დედამიწასთან
სატურნის მთვარე ტიტანს „ზღვის დონე“ გააჩნია - კიდევ ერთი მსგავსება დედამიწასთან

მართალია, სატურნის მთვარე ტიტანი დედამიწიდან მილიარდობით კილომეტრის მანძილზეა, მაგრამ როგორც NASA-ს ხომალდ „კასინის“ მონაცემებზე დაყრდნობით ახლახან ჩატარებული კვლევა იუწყება, ეს შორეული სამყარო და ჩვენი პლანეტა მართლაც საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე აქვს ოკეანეების ზედაპირს ერთი საშუალო სიმაღლე, რასაც „ზღვის დონეს“ ვუწოდებთ, ტიტანის ზღვებიც ერთ საშუალო დონეზეა გაწოლილი.

ეს გახლავთ უახლესი აღმოჩენა, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს დედამიწისა და ტიტანის თვალშისაცემ მსგავსებაზე — ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი სხვა სხეული მზის სისტემაში დედამიწის გარდა, რომლის ზედაპირზეც სტაბილური სითხეა გაწოლილი. ტიტანის შემთხვევაში განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მისი ტბები და ზღვები წყლის ნაცვლად ამოვსებულია თხევადი ნახშირწყალბადებით; თხევადი წყლის ყინული დაფარულია მყარი ორგანული ნივთიერებების ფენით, რომელიც ხშირად ამ ტბებისა და ზღვების ფსკერზეა გაწოლილი, ქანების სახით.

ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარი ალექს ჰეიესი უძღვებოდა, დაადგინა, რომ ტიტანის ზღვები გაწოლილია უცვლელ სიმაღლეზე, ტიტანის გრავიტაციის ძალის შესაფერისად — ზუსტად ისე, როგორც დედამიწის ოკეანეეები.

ირკვევა ისიც, რომ პატარა ტბები მდებარეობს ტიტანის ზღვის დონიდან რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე. ასეთ სიმაღლეებზე ტბები დედამიწაზეც ბევრგან გვხვდება. ყველაზე მაღლა არსებული სანაოსნო ტბა, ტიტიკაკა, ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარეობს.

როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, მაღლა განთავსება მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ჩანს, ტიტანის სითხეთა აუზები ზედაპირქვეშა გზებითაა დაკავშირებული, რაც წყალშემცველი ჰორიზონტის წარმოქმნის საშუალებას იძლევა, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე.

სავარაუდოდ, ნახშირწყალბადები ტიტანის ზედაპირქვეშ ნაკადებად გაედინება, იმის მსგავსად, როგორც დედამიწაზე მოძრაობს მიწისქვეშა წყლები ფოროვან და ხრეშიან ქანებში. შესაბამისად, ახლომდებარე ტბები ერთმანეთს ეკონტაქტებიან და წარმოქმნიან სითხის საერთო დონეს.

კვლევა დაეყრდნო მონაცემებს, რომლებიც კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სატურნის ატმოსფეროში განადგურებამდე რამდენიმე თვით ადრე შეაგროვა.

კასინი-ჰიუგენსის მისია ერთობლივი პროექტი იყო, რომელიც NASA-მ, ESA-მ (ევროპის კოსმოსური სააგენტო) და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ განახორციელეს. კასინი 1997 წელს გაეშვა და სატურნს 2004 წელს მიაღწია. მას თან მიჰქონდა ზონდი „ჰიუგენსი“, რომელიც 2005 წლის 15 იანვარს ტიტანზე დაჯდა და მონაცემებიც გადმოსცა.

კასინი 13 წლის განმავლობაში იკვლევდა რგოლებიან პლანეტასა და მის მრავალრიცხოვან მთვარეებს. 2017 წლის 15 სექტემბერს, „კასინი“ მიზანმიმართულად შეიჭრა სატურნის ატმოსფეროში და დაიწვა.

მომზადებულია news.cornell.edu-სა და nasa.gov-ის მიხედვით