NASA-ს მარსმავალი Opportunity წითელ პლანეტაზე ქვიშის მძვინვარე შტორმს ებრძვის
NASA-ს მარსმავალი Opportunity წითელ პლანეტაზე ქვიშის მძვინვარე შტორმს ებრძვის

NASA-მ სამეცნიერო ოპერაციები შეაჩერა თავის ციცქნა მარსმავალ Opportunity-ზე. მიზეზი უზარმაზარ ქვიშის შტორმია, რომელიც იმ ხეობაში მძვინვარებს, სადაც ამჟამად მავალი იმყოფება.

შტორმი NASA-მ 1-ელ ივნისს შენიშნა. მომდევნო კვირის განმავლობაში ის უფრო გაძლიერდა, მტვერმა მარსის ცა ჩააბნელა და Opportunity სრულ წყვდიადში დატოვა.

მავალ Curiosity-ისგან განსხვავებით, რომელიც შედარებით უფრო ახალია და წითელ პლანეტაზე ბირთვული გენერატორით აღჭურვილი გაუშვეს, Opportunity დამოკიდებულია მზის პანელებსა და ბატარეებზე. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რაც მავალთან მზის სხივების მიღწევას ხელს უშლის, დიდ პრობლემას წარმოადგენს.

8 ივნისისთვის, შტორმი 18 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა, უფრო დიდ ფართობზე, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტია.

თუმცა, ეს პირველი შტორმი არ არის, რომელიც Opportunity-ს დაატყდა თავს. 2007 წელს, მავალი მოჰყვა ბევრად დიდ ქვიშის შტორმში (ფართობის მხრივ), რამაც ორი კვირის განმავლობაში მინიმუმამდე შეამცირა მავალის სამეცნიერო ოპერაციები. ორი დღის განმავლობაში კი შეწყვეტილი იყო ყველანაირი კავშირი.

მაგრამ ამჟამინდელი შტორმი გაცილებით ძლიერია.

10 ივნისს, შტორმმა თითქმის ორჯერ უფრო შეამცირა ატმოსფეროს გამჭვირვალობა, ვიდრე ეს 2007 წლის შტორმის დროს იყო. ამ მაჩვენებლის საზომს ტაუს უწოდებენ.

2007 წლის შტორმი მაქსიმუმ 5.5 ტაუს შეადგენდა. ამჟამინდელი შტორმის სიძლიერე კი 10,8 ტაუა.

6 ივნისს, NASA-მ მავალის ენერგიის მნიშვნელოვანი ვარდნა შენიშნა, ამის შემდეგ კი ის კრიზისულ რეჟიმში გადავიდა. ეს იმიტომ, რომ მარსზე ძალიან ცივა, Opportunity კი დამოკიდებულია მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიაზე, რომელსაც ის ბატარეებში ინახავს.

ეს პროცესი ძლიერ ინტენსიურია და შესაბამისად, სითბოს შესანარჩუნებლად საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ენერგიის შენახვა. ეს კი მავალის გადარჩენისთვის კრიტიკულია. NASA დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის წინ, მისმა კიდევ ერთმა მავალმა Spirit-მა კრახი სწორედ იმიტომ განიცადა, რომ გათბობისთვის საკმარისი მზის სინათლე ვერ შეაგროვა.

როგორც NASA-ს ინსტრუმენტები აჩვენებს, მავალის ამჟამინდელი ტემპერატურა -29 გრადუსი ცელსიუსია. მინიმალური საოპერაციო ტემპერატურა კი -40 გრადიუსია. თუმცა, არის კიდევ ერთი დეტალი — შტორმი შესაძლოა, მავალს სინამდვილეში დაეხმაროს კიდეც, რადგან ქვიშა ასევე შთანთქავს სითბოს და მავალის გარშემო ტემპერატურას ინარჩუნებს.

გარდა ამისა, Opportunity-ისთვის კიდევ ერთი იმედი არსებობს. NASA-ს ცნობით, 10 ივნისს მავალისგან მათ სიგნალი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ აქვს კომუნიკაციისთვის საკმარისი ენერგია.

შტორმი შესაძლოა, კვირობით ან თვეობით გაგრძელდეს და NASA სიტუაციის ფრთხილ მონიტორინგს აგრძელებს.

მავალი Opportunity მარსზე 2004 წლის იანვარში დაჯდა და მას შემდეგ, დიდი წვლილი შეიტანა პლანეტის შესწავლაში. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია მხოლოდ 90 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე 14 წელია, მავალი ამაყად დააბიჯებს წითელი პლანეტის ზედაპირზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.