სატურნის თანამგზავრ ტიტანის კაშკაშა ლაქები დამშრალი ტბებია — დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
სატურნის თანამგზავრ ტიტანის კაშკაშა ლაქები დამშრალი ტბებია — დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია

სატურნის თანამგზავრ ტიტანის ერთი დიდი საიდუმლო როგორც ჩანს, საბოლოოდ ამოიხსნა.

სატურნის უდიდესი მთვარის სამხრეთ ტროპიკულ რეგიონებში უცნაური კაშკაშა ლაქები დაახლოებით ათი წლის წინ შენიშნეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი ნახშირწყალბადების დამშრალი ტბები და ზღვებია.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მიღებულმა შედეგებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს ტიტანის კლიმატურ ისტორიას და გარკვეული ცნობები მოგვცეს ეგზოპლანეტების პოტენციური სასიცოცხლო გარემოს შესახებ.

2000-2008 წლებში, პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს ობსერვატორიის დიდმა ტელესკოპმა და დასავლთ ვირჯინიის გრინ-ბენკის ობსერვატორიამ ტიტანზე ანომალიურად კაშკაშა რეგიონები შენიშნა; ტიტანის დიამეტრი 5150 კილომეტრია და მზის სისტემაში მეორე უდიდესი მთვარეა.

იმ დროისათვის, ეს ლაქები ტიტანზე ტბების ან ზღვების არსებობის მტკიცებულებად ჩათვალეს, რომელთა არსებობასაც ასეთ სხეულებზე ვარაუდობდნენ.

ეს მოლოდინი დაადასტურა ნასას ხომალდმა „კასინიმ“, რომელმაც სატურნის ორბიტას 2004 წელს მიაღწია. კასინი ტიტანზე მრავალ ტბასა და ზღვას დააკვირდა და აჩვენა, რომ მას თხევად ნახშირწყალბადებზე დაფუძნებული აქტიური ამინდის სისტემა აქვს. ციდან წვიმის სახით მოდის მეთანი და ეთანი, წარმოქმნის მდინარეთა სისტემებს, ჩადის ტბებსა და ზღვებში, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ტბებზე დიდებია.

ტიტანი მზის სისტემაში ერთადერთი სხეულია დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც სტაბილური სითხეა.

თუმცა, კასინის მიერ შემჩნეული ტბები ძირითადად ტიტანის პოლუსებთანაა გადაჭიმული, განსაკუთრებით ჩრდილოეთით. ხომალდმა ტბები და ზღვები ვერ დააფიქსირა არესიბოსა და გრინ-ბენკის მიერ სამხრეთ ტროპიკებში შემჩნეულ კაშკაშა ლაქებში.

გამომდინარე აქედან, ნასას მკვლევარმა ჯეისონ ჰოფგარტნერმა და მისმა კოლეგებმა ამ საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტეს. ამისათვის შეისწავლეს კასინის, არესიბოსა და გრინ-ბენკის მიერ შეგროვებული მონაცემები.

ჰოფგარტნერის განცხადებით, ეს ამრეკლავი ლაქები მათ დაუკავშირეს რელიეფის ერთეულს, რომელსაც აქვს რბილი ზედაპირი და მიმდებარე ლანდშაფისგან განსხვავებული შემადგენლობა. ასეთი მახასიათებელი კი ამომშრალი ტბებისა და ზღვების აუზებს აქვთ.

მაგალითად, დედამიწაზე, ამომშრალი ზღვები ტოვებს შედარებით ბრტყელ ზედაპირს, რომელიც მიმდებარე გარემოზე უფრო მლაშეა. ტიტანის დამშრალი ტბები მლაშე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება შეიცავდა საკმაო ოდენობის ორგანულ მოლეკულებს, რომლებსაც ლანდშაფტში იგივე ნიშანი უნდა დაეტოვათ.

ჰოფგარტნერის თქმით, ყველა მტკიცებულება ამაზე მიუთითებს; მათ შორის არის კასინის მიერ პოლარულ რეგიონებში დაფიქსირებული დამშრალი ტბები, რომლებიც ძლიერ ჰგავს რადიოტელესკოპთა მიერ ეკვატორის სიახლოვეს შემჩნეულ კაშკაშა ლაქებს.

ჯგუფი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ეს იდუმალი, კაშკაშა რეგიონები სინამდვილეში თავთხელი ტბორებია, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ წარმოქმნა ნახშირწყალბადთა წვიმამ. თუმცა, ჰოფგარტნერის ამბობს, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ტიტანზე ღრუბლები საკმაოდ იშვიათად წარმოიქმნება. სატურნის სისტემაში 13 წლის განმავლობაში ყოფნისას, ხომალდმა კასინიმ ტიტანზე წვიმა მხოლოდ ორჯერ შენიშნა — 2004 და 2010 წლებში.

ახალი კვლევა ფანჯარას ხსნის ტიტანის კლიმატის ევოლუციის შესწავლისკენ, აჩვენებს, რომ ამ მთვარეზე გარემო დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუმცა, ამ დროისათვის უცნობია ამ ცვლილების ბუნება და მასშტაბი. მაგალითად, იქნებ თხევადმა ნახშირწყალბადებმა ტიტანის ზედაპირზე მხოლოდ პოზიცია შეიცვალა და ტროპიკებიდან პოლუსებისკენ გადაინაცვლა? ანდაც, არის თუ არა დამშრალი ტბები იმის მტკიცებულება, რომ ტიტანის მეთანი და ეთანი იწურება და თანდათან სრულიად გაქრება? გასათვალისწინებელია, რომ ტიტანის ატმოსფეროში მზის რადიაცია მეთანს ანადგურებს.

„ჩემი პირადი მოსაზრებით, იქ გარკვეულწილად ორივე ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს“, — ამბობს ჰოფგარტნერი.

მისივე თქმით, ახალი შედეგები შეიძლება გამოსადეგი იყოს ასტრობიოლოგთათვის, პლანეტური მეცნიერებისა და ნებისმიერისთვის, ვინც დაინტერესებულია უცხო პლანეტებზე პოტენციურად სასიცოცხლო გარემოს დახასიათებით.

სამწუხარო ის არის, რომ კასინის მისია დასრულებულია; საწვავის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში ხომალდმა მიზანმიმართულად შეცურა სატურნის ატმოსფეროში და განადგურდა. თუმცა, მის მიერ შეგროვებული და გამოგზავნილი მონაცემები მეცნიერებს კიდევ წლების განმავლობაში ეყოფათ შესასწავლად.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.