სატურნის მთვარე ტიტანის დაბურული ატმოსფეროს საიდუმლო ამოხსნილია
სატურნის მთვარე ტიტანის დაბურული ატმოსფეროს საიდუმლო ამოხსნილია

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში სატურნის მთვარე ტიტანის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს — მისი სქელი, აზოტით მდიდარი ატმოსფეროს წარმომავლობა. როგორც კვლევა ასკვნის, ტიტანის იდუმალი ატმოსფეროს ერთ-ერთი გასაღებია ორგანული ნივთიერებების „მომზადება“ ამ მთვარის წიაღში.

კვლევის ავტორის, დოქტორ კელი მილერის განცხადებით, ტიტანი ძალიან საინტერესო მთვარეა მისი სქელი ატმოსფეროს გამო, რის შედეგადაც, ის ერთ-ერთი უნიკალური მთვარეა მთელ მზის სისტემაში.

მილერის თქმით, ტიტანი ასევე ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც დიდი ოდენობით სითხეა. თუმცა, წყლის ნაცვლად ტიტანზე თხევადი ნახშირწყალბადებია. ეჭვგარეშეა, რომ ტიტანზე ძალიან ბევრი ორგანული ქიმიური პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად, ეს მთვარე უდავოდ არის უშრეტი ცნობისმოყვარეობის წყარო.

სატურნის უდიდესი მთვარის ატმოსფერო უკიდურესად მკვრივია, დედამიწის ატმოსფეროზე გაცილებით სქელი და შედგება ძირითადად აზოტის გაზისგან.

როგორც კელი აღნიშნავს, იმის გამო, რომ ტიტანი მნიშვნელოვანი ატმოსფეროს მქონე ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებდათ, რა იყო მისი წყარო.

ძირითადი თეორიის მიხედვით, კომეტების მიერ მოტანილი ამიაკის ყინული დარტყმების ან ფოტოქიმიის წყალობით, აზოტად გარდაიქმნა და წარმოიქმნა ტიტანის ატმოსფერო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შესაძლოა, მართლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს, უგულებელყოფს ეფექტებს, რომლებსაც კომეტის წილში ძირითადი წილი უკავიათ — კომპლექსურ ორგანულ ნივთიერებებს.

ტიტანის ატმოსფეროს კიდევ ერთი უცნაური ასპექტია ის ფაქტი, რომ მისი 5 პროცენტი მეთანისგან შედგება, რომელიც რეაქციაში სწრაფად შედის და წარმოქმნის ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც შემდეგ ზედაპირზე ნალექის სახით ჩადის. შედეგად, ატმოსფერული მეთანის მარაგი როგორღაც ან ხელახლა უნდა ივსებოდეს, ანდაც დროის ეს კონკრეტული პერიოდი უბრალოდ უნიკალურია ტიტანის ერაში.

მილერის კვლევა ეყრდნობოდა ხომალდ „როზეტას“ მონაცემებს. „როზეტა“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდი იყო, რომელიც კომეტა 67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოს სწავლობდა. პროექტში მონაწილეობდა NASA-ც. ამ მისიამ დაადგინა, რომ კომეტის ნახევარს ყინული შეადგენდა, მეოთხედს ქანები, მეოთხედს კი ორგანული ნივთიერებები.

მილერი აღნიშნავს, რომ გარე მზის სისტემის კომეტები და სხვა პირველყოფილი სხეულები მართლაც საინტერესოა, რადგან მიჩნეულია, რომ ისინი წარმოადგენს მზის სისტემის წარმოქმნის შედეგად დარჩენილ მასალას. ეს პატარა სხეულები შესაძლოა, შერწყმული იყოს უფრო დიდ სხეულებთანაც, მაგალითად, ტიტანთან. გარდა ამისა, მის ბირთვში შეიძლება იყოს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მკვრივი ქანები.

ტიტანის საიდუმლოს ამოსახსნელად, მილერმა ერთმანეთს შეურწყა მეტეორიტებში ნაპოვნი ორგანული მასალების შესახებ არსებული მონაცემები და ტიტანის წიაღის თერმული მოდელები. მისი მიზანი იყო გაერკვია, რა ოდენობის გაზოვანი ნივთიერებები შეიძლებოდა წარმოქმნილიყო და იყო თუ არა ისინი ამჟამინდელი ატმოსფეროს შესაფერისი. სტანდარტული წესის მიხედვით, თუკი სამზარეულოში რაღაცას ამზადებ, გამოიყოფა გაზები. მილერმა დაადგინა, რომ ტიტანის ატმოსფეროში არსებული აზოტის დაახლოებით ნახევარი (და პოტენციურად მეთანისაც), წარმოქმნილი უნდა იყოს ტიტანის ადრეულ სტადიაზე მასთან შერწყმული ორგანული ნივთიერებების „კულინარიის“ შედეგად.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია swri.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი