იუპიტერის მთვარე ევროპა ყინულის გიგანტური სვეტებითაა დაფარული - ახალი კვლევა
იუპიტერის მთვარე ევროპა ყინულის გიგანტური სვეტებითაა დაფარული - ახალი კვლევა

მზის სისტემაში ძნელად მოიძებნება ისე დამაინტრიგებელი ბუნებრივი თანამგზავრი, როგორიც არის იუპიტერის მთვარე ევროპა. იგი დაფარულია მლაშე წყლის გლობალური ოკეანით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იქ თითქმის სამჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე.

ეს უზარმაზარი ოკეანე დაფარულია წყლის ყინულის სქელი საფარით, სადაც ტემპერატურა -184 გრადუს ცელსიუსამდე ჩამოდის.

ევროპას თხევადი წყალი მეცნიერთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა არამიწიერი მიკრობების საძებნელად.

მაგრამ სანამ მომავალში ევროპაზე მავალი დაეშვება და სიცოცხლეს მოძებნის, შესაძლოა, მას ხელი შეუშალოს ყინულის მაღალი, უსწორმასწორო სვეტების ტყემ. ამის შესახებ პლანეტარულ მეცნიერთა და გეოფიზიკოსთა ჯგუფი იუწყება ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მათი კვლევის მიხედვით, ევროპა ზღარბის ეკლების მსგავსი ყინულებით დაფარული სხეულია. ასეთი ფორმაციები დედამიწაზე იშვიათად გვხვდება.

ჩვენს პლანეტაზე ყინული რამდენიმე სხვადასხვა ფორმას იღებს, მაგრამ იმის გამო, რომ ევროპას ზედაპირი წარმოუდგენლად ცივია, ყინული იქ ვერ გადნება და ხელახლა ვეღარ გაიყინება.

სამაგიეროდ, ხდება საკმაოდ უცნაური რამ. ყინული იქ უზადოდ ბრტყელი როდია — შედგება პატარა კრისტალებისგან.

კარდიფის უნივერსიტეტის გეომორფოლოგ დანიელ ჰობლის თქმით, ყოველ ამ კრისტალს აქვს სინათლის შეკრების პოტენციალი. შესაბამისად, ისინი სინათლეს ირეკლავენ და დაბლა, ყინულებში მიმართავენ. მილიონობით წლის განმავლობაში, მზის რადიაციის წყალობით, ევროპას ყინული აირად გარდაიქმნება.

ყინულის უზარმაზარი დანების წარმოსაქმნელად მხოლოდ მზის სინათლე საკმარისი არ არის. ევროპა იუპიტერთან გრავიტაციულად ჩაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდმივად პლანეტისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით. გარდა ამისა, ევროპას ცაზე მზის კუთხე მუდმივია, არ არსებობს სეზონები.

ჰობი და მისი კოლეგები ცდილობდნენ გაერკვიათ, დედამიწის რომელი ნაწილი შეიძლება ჰგავდეს ასე თუ ისე ევროპას. საბოლოოდ ისინი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში ჩავიდნენ.

ანდების უმაღლესი მწვერვალები ყინულით არის დაფარული და ეს ყინული ზამთარში ვერ დნება. წარმოიქმნება ყინულის ფორმაციები, რომლებსაც პენიტენტესს უწოდებენ. მათზე პირველი დაკვირვება 1830-იან წლებში ჩარლზ დარვინმა განახორციელა და ივარაუდა, რომ ისინი ქარის მიერ იყო წარმოქმნილი.

მაგრამ ეს წარმოდგენა 2001 წელს შეიცვალა, როცა კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა მერედით ბეტერტონმა პენიტენტესი, ანუ ყინულის წვეტიანი შვერილები ლაბორატორიაში შექმნა, მყარიდან აირადში გადაყვანის პროცესებით.

ანდების უკიდურესად ცივ და მშრალ გარემოში, მზის სხივები იწვევს ყინულისა და თოვლის სუბლიმაციას, ანუ ისინი მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადადიან, თხევადი მდგომარეობის გავლის გარეშე. სწორედ ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება დანის პირის მსგავსი წვეტიანი ფორმაციები, ანუ პენიტენტესი.

მკვლევართა აზრით, იგივე პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ევროპაზეც, მაგრამ ძალიან ნელა. ამის გამო, რომ მისი ზედაპირი 50 მლნ წლის განმავლობაში თითქმის ხელუხლებელია, ამისათვის იქ საკმარისზე მეტი დრო უნდა ყოფილიყო. მკვლევართა გათვლებით, ევროპას ყინულის სვეტების სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრი უნდა იყოს.

პენიტენტესები ჩილეში.

პენიტენტესები აღმოჩენილია პლუტონზეც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ფორმაციები საკმაოდ გავრცელებული უნდა იყოს ყინულოვან სხეულებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაზე ეს ფორმაციები შეიძლება საოცრად ლამაზი იყოს, არსებობს ერთი პრობლემა. NASA უკვე ამზადებს მისია Europa Clipper-ს, რომელიც 2020-იან წლებში ევროპაზე დაჯდება და მის ოკეანეში სიცოცხლეს მოძებნის. საქმე ის არის, რომ ყინულის სვეტებმა მავალს შესაძლოა, დაჯდომაში ხელი შეუშალოს. თუმცა, ახალ აღმოჩენას NASA აუცილებლად გაითვალისწინებს და ხომალდს უფრო უსაფრთხო ადგილას დასვამს.

მომზადებულია The Washington Post-ისა და USA Today-ს მიხედვით.