2019 წელს მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში არაერთი შთამბეჭდავი აღმოჩენა გააკეთეს. პირველად ისტორიაში, ფოტო გადაუღეს შავ ხვრელს, წარმოადგინეს ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ორი საშუალება, აღმოაჩინეს დამალული კონტინენტი, ხომალდი დასვეს შორეულ ასტეროიდზე და ა. შ.
ყველა ეს აღმოჩენა აუმჯობესებს მეცნიერების წარმოდგენას ჩვენი საკუთარი ბიოლოგიის, პლანეტისა თუ კოსმოსის შესახებ.
რამდენიმე დღეში ახალი წელი და ახალი დეკადა დადგება, მანამდე კი შევეცდებით, მოკლედ წარმოგიდგინოთ 2019 წლის ყველაზე გამორჩეული სამეცნიერო მიღწევები.
ახალი წლის დღეს, ნასას ხომალდმა „ნიუ ჰორაიზონსმა“ მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ობიექტს გადაუფრინა
ობიექტს ოფიციალურად MU69 ეწოდება, მეტსახელად კი არიკოთი უწოდეს (მანამდე უწოდებდნენ ულტიმა-თულეს) და წარმოადგენს ყველაზე შორეულ ობიექტს, რომელსაც კაცობრიობა ესტუმრა.
„ნიუ ჰორაიზონსმა“ ამ ყინულოვან ობიექტს 52 000 კმ/სთ სიჩქარით ჩაუქროლა და ასობით ფოტო გადაუღო.
ჩინეთმა ხომალდი დასვა მთვარის „ბნელ მხარეს“
წარმატებული დაჯდომის შემდეგ, ხომალდმა მთვარის ზედაპირზე გადასვა მავალი ჩანე-4, რომელიც 3,9 მილიარდი წლის წინ კატაკლიზმური შეჯახების შედეგად წარმოქმნილ აუზში დადის და იქაურობას იკვლევს.
ნასას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიწისძვრა მარსზეც ხდება
ნასას ხომალდმა „ინსაითმა“, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდა, მეცნიერებს მარსის მიწისძვრებზე უპრეცედენტო დაკვირვების საშუალება მისცა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ სეისმური ტალღების წყალობით უკეთ შეისწავლიან წითელი პლანეტის წიაღს.
იაპონიის ხომალდი შორეულ ასტეროიდზე დაჯდა
ივლისში, იაპონიის ხომალდი ჰაიაბუსა 2 დედამიწიდან დაახლოებით 8 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდ რიუგუზე დაჯდა. იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ხომალდი 2014 წელს გაუშვა.
დაჯდომამდე, ხომალდმა ასტეროიდს ზედაპირზე იმპაქტორი ესროლა, შემდეგ კი ამოტყორცნილი ქანები შეაგროვა. ამის შემდეგ, მან ეს ნიმუშები დედამიწაზე გამოგზავნა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ქანების ანალიზით დაადგენენ, როგორ შეიძლებოდა ასეთ ასტეროიდებს სიცოცხლისათვის გადამწყვეტი ელემენტები მოეტანა დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ.
ნასას ხომალდმა „ვოიაჯერ 2“-მა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა
პარალელურად, ხომალდმა დედამიწაზე გამოგზავნა უპრეცედენტო მონაცემები მზის სისტემის სასაზღვრო შრის, ე. წ. ჰელიოპაუზის შესახებ.
ირკვევა, რომ არსებობს მზის ბაბლიდან ვარსკვლავთშორის სივრცეში გარდამავალი ეტაპები, რის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად
სექტემბერში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პირველად ისტორიაში, პოტენციურად სასიცოცხლო პლანეტაზე აღმოაჩინეს წყლის ორთქლი. პლანეტა, სახელად K2-18b სუპერდედამიწის ტიპისაა და გარს უვლის ჩვენგან 110 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.
K2-18b ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ეგზოპლანეტაა, ანუ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა, რომლის ატმოსფეროშიც წყლის ორთქლია, ტემპერატურა კი ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო დიაპაზონში მერყეობს.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა ეგზოპლანეტების დეტალურად შესასწავლად
ხომალდი CHEOPS-ი აღჭურვილია სპეციალური კამერით, რომელმაც უკვე აღმოჩენილი, სატურნზე პატარა ეგზოპლანეტების მასა და ზომა უნდა განსაზღვროს. ასევე შეისწავლის ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს, რომლის ქონაც გადამწყვეტია სიცოცხლის არსებობისათვის.
CHEOPS-ის ჯგუფის განცხადებით, ეს ტელესკოპი კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვის პასუხთან — ვართ თუ არა სამყაროში მარტონი.
შავი ხვრელის პირველი ფოტო
აპრილში, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის ჯგუფმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა — პირველად კაცობრიობის ისტორიაში.
უპრეცედენტო ფოტოზე ასახულია ჩვენგან 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა M87-ის გულში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის სილუეტი. მისი მასა 6,5 მზის მასას უდრის.
ფოტოზე ასახულია შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ცხელი, კაშკაშა მატერია.
შავი ხვრელის აღბეჭდვას მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ. ეს კი ურთულესი საქმეა, რადგან წარმოუდგენელი გრავიტაციის გამო, შავი ხვრელი სივრცე-დროს ამრუდებს და მისგან გაქცევა არაფერს, მათ შორის სინათლესაც არ შეუძლია.
როგორ ანადგურებს შავი ხვრელი ნეიტრონულ ვარსკვლავს
აგვისტოში, ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს შავი ხვრელისა და მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენის — ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შემდეგ განვითარებული პროცესები.
ეს კატასტროფული შეჯახება ჩვენგან მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ანუ მილიარდი წლის წინ მოხდა და წარმოქმნა სივრცე-დროის ჭავლები, იგივე გრავიტაციული ტალღები. დედამიწამდე მათ წელს მოაღწიეს.
ეს მესამე მოვლენა იყო, რომელსაც მეცნიერები გრავიტაციულ ტალღათა დეტექტორებით დააკვირდნენ. 2015 წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს ორი შავი ხვრელის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები, 2017 წელს კი ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება.
გრავიტაციული ტალღების არსებობას ალბერტ აინშტაინი ჯერ კიდევ 1915 წელს პროგნოზირებდა. ახალმა ტექნოლოგიებმა ეს პროგნოზი ასი წლის შემდეგ დაადასტურა.
კლიმატის კრიზისი
2019 წელს დედამიწაზე რამდენიმე საგანგაშო აღმოჩენაც გაკეთდა. კლიმატის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის და გრენლანდიის მყინვარული საფარი უპრეცედენტო მაჩვენებლით დნება.
აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გრენლანდიის მყინვარული საფარი წელიწადში 286 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. ოცი წლის წინ, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 მილიარდ ტონას შეადგენდა.
ირკვევა ისიც, რომ 2012 წელს გრენლანდიამ 400 მილიარდ ტონაზე მეტი ყინული დაკარგა.
მეორე მხრივ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ანტარქტიდა წელიწადში საშუალოდ 250 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა. 1980-იან წლებში ეს მაჩვენებელი 40 მილიარდი ტონა იყო.
გარდა ამისა, დადგინდა ისიც, რომ დასავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე ტუეიტსის მყინვარი წელიწადში 800 მეტრით იხევს უკან და ზღვის დონის მატებაში 4-პროცენტიანი წილი შეაქვს. ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტუეიტსის მყინვარის დნობის მაჩვენებელი უკან არდაბრუნების წერტილს უახლოვდება, რომლის შემდეგაც, მთლიანი მყინვარი შეიძლება ოკეანეში კოლაფსირდეს. თუ ეს მართლაც მოხდა, გლობალური ზღვის დონე 4,5 მეტრით აიწევს.
ზღვის დონის მატება საგანგაშოა
სექტემბერში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილების ამ მაჩვენებლით გაგრძელების შემთხვევაში, 21-ე საუკუნის მიწურულს ზღვის დონემ შეიძლება, 91 სანტიმეტრით აიწიოს. ზღვის დონის მატება კი გადასახლებას აიძულებს ასობით მილიონ ადამიანს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2100 წლისთვის გადასახლება 630 მილიონ ადამიანს მოუწევს.
გადაშენება ემუქრება მცენარეთა და ცხოველთა 500 000 — 1 მლნ სახეობას
აპრილში გამოქვეყნებული გაერო-ს მოხსენების მიხედვით, უმეტესწილად ადამიანთა საქმიანობის შედეგად, გადაშენების წინაშეა ამფიბიების 40 პროცენტი, ზღვის ძუძუმწოვრებისა და მარჯნების 33 პროცენტი და მწერების 10 პროცენტი. მკვლევართა დასკვნით, ხმელეთის 500 000 სახეობას უკვე აღარ აქვს საკმარისი ჰაბიტატი იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩნენ.
შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა უახლოვდება მეექვსე მასობრივ გადაშენებას, ანუ დედამიწის ისტორიაში მეექვსედ მოხდება სახეობათა რაოდენობის წარმოუდგენლად შემცირება.
ევროპის ქვეშ დაკარგული კონტინენტი აღმოაჩინეს
ასობით მილიონი წლის წინ, დედამიწაზე არსებობდა ერთი გიგანტური სუპერკონტინენტი, სახელად პანგეა, რომელიც თანდათანობით დაიყო დღეს არსებულ კონტინენტებად. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროცესში, დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ, ერთ-ერთი კონტინენტი თანამედროვე სამხრეთ ევროპის ქვეშ შეცურდა და დღემდე იქ იმალება.
მეცნიერებმა მას დიდი ადრია უწოდეს. სწორედ მისმა მაღალმა რეგიონებმა წარმოქმნა ალპების მთები.
აღმოჩენილია ადამიანის წინაპრის ერთ-ერთი უძველესი თავის ქალა
თითქმის დაუზიანებელი თავის ქალა 3,8 მილიონი წლისაა და ეკუთვნოდა სახეობა ავსტრალოპითეკ ანამენსისს. ნამარხიდან ირკვევა, რომ ამ უძველეს ადამიანს ჰქონდა წინ გამოწეული სახე და შუბლი.
ირკვევა ისიც, რომ ეს სახეობა ადამიანთა სხვა წინაპრებთან ერთად თანაარსებობდა, მათ შორის უნდა ყოფილიყო ავსტრალოპითეკ აფარენსისიც, სახეობა, რომელსაც ეკუთვნის აფრიკაში აღმოჩენილი 3,9-3 მლნ წლის წინანდელი ჩონჩხი „ლუსი“.
ადამიანის წინაპარი ახალი სახეობის კბილი და თითის ძვალი
აპრილში, ფილიპინების კუნძულ ლუსონზე აღმოაჩინეს ახალი სახეობის ნამარხი, რომელიც 50 000-67 000 წლის წინ ცხოვრობდა. სახეობას ჰომო ლუსონენსისი უწოდეს.
გაირკვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი წინაპრის, ჰომო ერექტუსის ბოლო ცნობილი ჯგუფის ბედი
ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ კუნძულ იავაზე, ჰომო ერექტუსის პოპულაცია 117 000 — 108 000 წლის წინ ამოწყდა.
ეს გახლავთ ჰომო ერექტუსის ჩვენთვის ცნობილი ბოლო გამოჩენა ნამარხებში. როგორც ჩანს, ეს ინდივიდები იდუმალ გარემოებაში, ერთობლივად ამოწყდნენ და მათი ძვლები წყალდიდობამ წალეკა.
როგორც ამ ნამარხების ასაკი მიუთითებს, ჰომო ერექტუსი იმ დროს ცხოვრობდა, როცა ადამიანის სამი სხვა სახეობის წინაპარი; შესაძლებელია ისიც, რომ ისინი ჯვარდებოდნენ დენისოვანებთან, რომლებიც ინდონეზიაში კონტინენტური აზიიდან გადავიდნენ.
დნმ-ის ანალიზების საფუძველზე დადგინდა ანატომიურად თანამედროვე ადამიანის სამშობლო — ბოტსვანა
ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დღეს ცოცხალი ყველა ადამიანი შთამომავალია ქალისა, რომელიც 200 000 წლის წინ ცხოვრობდა თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე, მდინარე ზამბეზის სამხრეთით.
ეს აღმოჩენა მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ადამიანის წინაპრები დანარჩენ მსოფლიოში აფრიკიდან გავრცელდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ განვითარებულან.
ეგვიპტეში აღმოჩენილი კუბოები
ოქტომბერში, ეგვიპტეში, ასასიფის ნეკროპოლისში, სადაც ერთ დროს უძველესი ქალაქი თებე იყო გაშენებული, არქეოლოგებმა 30 ხის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომლებშიც ბრწყინვალედ შემონახული მუმიები ესვენა.
სარკოფაგები 3000 წლის წინანდელია და ქურუმებსა და ბავშვებს ეკუთვნის.
გუგლის კვანტური კომპიუტერი
ოქტომბერში, გუგლის ინჟინრებმა განაცხადეს, რომ შექმნეს კვანტური კომპიუტერი, რომელიც 3 წუთში ასრულებს ისეთ კომპიუტერულ ამოცანებს, რომლის შესასრულებლად მსოფლიოს სუპერკომპიუტერს 10 000 წელიწადი დასჭირდებოდა.
დიდი გამარჯვება ებოლას წინააღმდეგ
ივლისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში ებოლას ვირუსის ეპიდემია გლობალური ჯანდაცვის განგაშად გამოაცხადა. საბედნიეროდ, ორმა ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა გადარჩენის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა.
მედიკამენტების სახელწოდებაა REGN-EB3 და mAb-114, წარმოადგენს ანტისხეულების კოქტეილს, რომელიც ინექციის სახით კეთდება. Ამ თერაპიამ კონგოს დემორატიულ რსპუბლიკაში ახლად დაავადებულ ადამიანთა 90 პროცენტი გადაარჩინა.
ვნახოთ, როგორი იქნება 2020 წელი მეცნიერებაში. ეჭვგარეშეა, რომ გველოდება არაერთი ამაღელვებელი აღმოჩენა, რომელთა შესახებაც, რა თქმა უნდა, 1tv.ge ყოველდღიურად დეტალურად გიამბობთ.