გრენლანდიაში ყინული 6-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში - ახალი კვლევა
გრენლანდიაში ყინული 6-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში - ახალი კვლევა

გრენლანდია, დედამიწის მეორე უდიდესი მყინვარული საფარის სამშობლო, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ყინულს დაჩქარებული ტემპით კარგავს. ახალი კვლევის მიხედვით, დნობის მაჩვენებელი ექვსჯერ არის გაზრდილი, რამაც შესაძლოა, მომავალში ზღვის დონის მატება გამოიწვიოს. კვლევა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობოდა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 1980-დან 1990 წლამდე გრენლანდიის მყინვარებმა 51 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა, 2010-2018 წლებში კი 286 მილიარდი ტონა.

შედეგი კი ის არის, რომ 1972 წლიდან დღემდე, მხოლოდ გრენლანდიის მიზეზით, ზღვის დონემ 14 მილიმეტრით აიწია და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ მაჩვენებლის ნახევარი ბოლო 8 წელზე მოდის.

როგორც ჩანს, დნობის მაჩვენებელი თანდათან იმატებს. გრენლანდიის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასე სწრაფად არ შეცვლილა კუნძულის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონები, რომლებსაც ყინულის დაკარგვის დიდი პოტენციალი აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ ყინულის დნობა ამ რეგიონებშიც აჩქარდება, დნობის პროცესი უკვე მთელ გრენლანდიას მოიცავს და ზღვის დონე კიდევ უფრო მეტად აიწევს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნასას მკვლევრის, ერიკ რინოს განცხადებით, ეს კვლევა გრენლანდიის ბოლოდროინდელ დნობას უფრო გრძელვადიან კონტექსტში ათავსებს.

მისი თქმით, გარდამავალი იყო 1980-იანი წლები, როცა დედამიწის კლიმატმა ბუნებრივი ცვალებადობებიდან მნიშვნელოვანი გადახრა დაიწყო, რისი მიზეზიც ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირებია. მას განსაკუთრებით აშინებს გრენლანდიის ჩრდილოეთ რეგიონები, სადაც თავმოყრილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყინული.

სწორედ ერიკ რინოს ჯგუფმა დაადგინა შარშან, რომ 40 წლის წინანდელთან შედარებით, ასევე ექვსჯერ მეტ ყინულს კარგავს ანტარქტიდაც.

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. იქ მდებარეობს 200-ზე მეტი უზარმაზარი მყინვარი, რომელთაგან მრავალი, კილომეტრობით სისქის ყინულის ცენტრალური საფარიდან ოკეანის ღრმა წყლებშია შეჭრილი. ასეთი ნაწილობრივ ჩაძირული მყინვარები გამოედინება, ფიორდებიდან თუ ვიწრო კანიონებიდან. მყინვარის კიდეებს ხშირად სწყდება ყინულის უზარმაზარი ნაჭრები.

თუმცა, დნობის პროცესის დიდი ნაწილი გაცილებით ნაკლებ დრამატულია — ნადნობი წყალი მყინვარული საფარის ზედაპირზე გამუდმებით მოედინება პატარა ნაკადულების სახით. ასევე შეინიშნება ზღვისქვეშა ნაკადები, რომლებსაც სავარაუდოდ კვებავს თანდათან გაუჩინარებული ნადნობი წყლის ტბები, რომლებიც ერთ დროს ყინულოვან ზედაპირს ამშვენებდა.

მკვლევრებმა აქამდეც იცოდნენ, რომ გრენლანდიაში ყინულის დნობის პროცესი ჩქარდება. კუნძული მდებარეობს არქტიკის იმ ზონაში, რომელიც 2-4 გრადუსით გათბა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით.

თუმცა, მაინც რამდენი ყინული დაკარგა გრენლანდიამ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული იყო. ცნობილია, რომ ყოველი 360 მილიარდი ტონა ყინული იწვევს ზღვის დონის მილიმეტრით მომატებას.

თანამგზავრული და სხვა სახის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რინო და მისი ჯგუფი აცხადებენ, რომ ამ შეკითხვას პასუხი ბოლოსდაბოლოს გაეცა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1972-1990 წლებში გრენლანდია ასე თუ ისე დაბალანსებული იყო. ყინული მაშინაც დნებოდა, მაგრამ თოვლის სახით კვლავ უკან ბრუნდებოდა.

თუმცა, ეს ყველაფერი სწრაფად შეიცვალა ბოლო 30 წლის განმავლობაში. 1990-იან წლებში ყინულის დნობის მაჩვენებელი წელიწადში 41 მილიარდი ტონა იყო, 2000-იან წლებში 187 მილიარდი ტონა, 2010-იან წლებში კი 286 მილიარდი ტონა.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, ამ პერიოდში ცნობილმა მყინვარმა იაკობსჰავნმა 323 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა და მხოლოდ მისი წყალობით, ზღვის დონემ მილიმეტრით აიწია. გრძელმა და თავთხელმა ჰუმბოლდტის მყინვარმა დაკარგა 152 მილიარდი ტონა ყინული.

არის ისეთი მყინვარებიც, რომლებიც არც თუ ისე ბევრ ყინულს კარგავს, მაგრამ ისინი ძირითადად გრენლანდიის ჩრდილოეთ რეგიონებშია განთავსებული.

რინოს თქმით, გარკვეული ოდენობის ყინულის დანაკარგი და შესაბამისად, ამ პროცესის თანმდევი ზღვის დონის მატებაც — უკვე გარდაუვალია, რადგან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ატმოსფეროში ათწლეულების განმავლობაში რჩება.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.