ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება
ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება

ანტარქტიდა ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაშია. სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში, კონტინენტმა საგანგაშო მაჩვენებლით დაკარგა ტრილიონობით ტონა ყინული. შედეგად, ზიანი ადგება ისეთ ადგილებსაც კი, რომლებიც აქამდე უსაფრთხოდ მიგვაჩნდა.

ამ გამანადგურებელ პროცესთა შუაგულში, თავი იჩინა კიდევ ერთმა პრობლემამ — დასავლეთ ანტარქტიდის ქვეშ აღმოაჩინეს გიგანტური სიცარიელე, რომლის სიმაღლეც მეცნიერთა განცხადებით, 300 მეტრია.

სიცარიელე ტუეიტსის მყინვარის ქვეშ იხსნება, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მყინვარს ეძახიან. აშკარაა, რომ ღრმული წარმოქმნილია ყინულის დნობის შედეგად. ანტარქტიდა ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.

მკვლევართა განცხადებით, ეს სიცარიელე ერთ დროს 14 მილიარდ ტონა ყინულს იკავებდა. ყველაზე უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ მკვლევართა თქმით, ყინულის უმეტესობა მან მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში დაკარგა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის გლაციოლოგისა და NASA-ს მკვლევრის, ერიკ რინოს განცხადებით, ისინი წლების განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ ტუეიტსის მყინვარი არასაკმარისად იყო მიმაგრებული მის ქვეშ არსებულ ფუძეზე. ახალი თაობის თანამგზავრების წყალობით, ეს დეტალი საბოლოოდ დადასტურდა.

ტუეიტსის მყინვარი

რინომ და მისმა კოლეგებმა სიცარიელე NASA-ს პროექტ Operation IceBridge-ის ფარგლებში, ყინულში შეღწევადი რადარით აღმოაჩინეს. დამატებითი მონაცემები გერმანული და ფრანგული თანამგზავრებიდან აიღეს.

მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ დამალული სიცარიელე წარმოქმნილია მყინვარის უკან დახევისა და დნობის კომპლექსური მახასიათებლების შედეგად, რასაც ადგილი აქვს ტუეისტის მყინვარზე. ამ სექტორში ყინულის უკან დახევის მაჩვენებელი წელიწადში 800 მეტრს აღემატება.

ახალი მონაცემების შედეგად გამოვლენილი ეს კომპლექსური მახასიათებლები არ ჯდება მყინვარული საფარისა და ოკეანეების ამჟამინდელ მოდელებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესასწავლი ყინულისა და წყლის ურთიერთქმედების შესახებ უკვე გამთბარი ანტარქტიდის გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ახალ დეტალებს სწავლობენ ტუეისტის მყინვარის დნობის კომპლექსური გზების შესახებ, გიგანტური სიცარიელე წარმოადგენს უბრალო, მაგრამ უიღბლო სამეცნიერო სინამდვილეს.

NASA-ს რადარული მეცნიერის, პიეტრო მილილიოს განცხადებით, მყინვარის ქვეშ არსებული სიცარიელის ზომა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნობაში. რაც უფრო მეტი სითბო და წყალი ხვდება მყინვარის ქვეშ, დნობაც მით უფრო სწრაფდება.

მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ოკეანის დონის მატების 4% ამჟამად სწორედ ტუეისტის მყინვარზე მოდის.

მთლიანად დადნობის შემთხვევაში, ყინული, რომელიც ამჟამად ამ მყინვარს უჭირავს, გამოიწვევს მსოფლიო ზღვის დონის 65 სანტიმეტრით აწევას. თუმცა, ეს ყველაზე უარესი სცენარი მაინც არ არის.

სინამდვილეში, ტუეისტის მყინვარი გაცილებით შორს, კონტინენტის შიგნით არსებულ მეზობელ მყინვარებსა და ყინულის მასებსაც აკავებს. მისი საყრდენი ძალის გაქრობის შემთხვევაში, შედეგები შესაძლოა ისეთი იყოს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს მყინვარი ანტარქტიკის ლანდშაფტის ასე მნიშვნელოვან სტრუქტურად.

არავინ იცის, კიდევ რამდენი დრო დარჩა და სწორედ ამიტომ გეგმავენ მეცნიერები უმსხვილეს ექსპედიციას ტუეისტის მყინვარზე.

რასაც გაარკვევენ ალბათ ვიხილავთ, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა თანამედროვე მსოფლიოში.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერმა, დევიდ ოლანდმა შარშან The Washington Post-ს განუცხადა, რომ „შემდეგ საუკუნეში გლობალური ზღვის დონის მატების საკითხში ტუეისტის მყინვარი გადამწყვეტია“.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქცეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert მიხედვით.

დატოვე კომენტარი