ანტარქტიდა ახლა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს, ვიდრე 40 წლის წინ
ანტარქტიდა ახლა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს, ვიდრე 40 წლის წინ

1979-2017 წლებს შორის ანტარქტიდაზე ყინულის წლიური დანაკარგი ექვსჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. კალიფორნიის უნივერსიტეტის, NASA-ს და ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტის გლაციოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ ყინულების დნობის დაჩქარების შედეგად, გლობალური ზღვის დონე წელიწადში 1,2 სანტიმეტრით მაღლა იწევს.

კვლევის ავტორის, ერიკ რინოს განცხადებით, ეს ყველაფერი მხოლოდ აისბერგის წვერია და ანტარქტიკის მყინვარული საფარის დნობასთან ერთად, უახლოეს საუკუნეებში მოსალოდნელია ზღვის დონის მომატება რამდენიმე მეტრით.

კვლევის ფარგლებში, რინომ და მისმა კოლეგებმა მოახდინეს ანტარქტიკაში დარჩენილი ყინულის მასის ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური შეფასება. პროექტი ყოვლისმომცველი იყო; მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 176 აუზის გარშემო არსებული 18 რეგიონი, ისევე როგორც მიმდებარე კუნძულები.

ჯგუფმა გამოიყენა NASA-ს მიერ პროექტ Operation IceBridge-ის ფარგლებში 350 მეტრის სიმაღლიდან გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრული რადარულ-ინტერფომეტრული მონაცემები და პროგრამა Landsat-ის თანამგზავრთა ფოტომასალა 1970-იანი წლებიდან დღემდე.

ამის შემდეგ, ჯგუფმა მარტივად დაადგინა, რომ 1979-1990 წლებს შორის ანტარქტიდა წლიურად დაახლოებით 40 გიგატონა ყინულს კარგავდა. 2009-2017 წლებში კი ყინულის მასის დანაკარგმა წელიწადში 252 გიგატონა შეადგინა.

დნობის ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში. 2001-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 280 პროცენტით გაიზარდა და 134 გიგატონა შეადგინა.

ერიკ რინოს განცხადებით, ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ის გახლავთ, რომ ბოლო ათწლეულებში ყინულის დანაკარგის ზოგად სურათში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ანტარქტიდამ.

მკვლევართა თქმით, სავარაუდოდ, ეს რეგიონი კლიმატის ცვლილების მიმართ იმაზე უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს კი უმნიშვნელოვანესი ცნობაა, რადგან აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე თავმოყრილია იმაზე მეტი ყინული, ვიდრე დასავლეთ ანტარქტიდაზე და ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ერთად.

„კლიმატის გათბობას ემატება ამ რეგიონის თავზე არსებული ოზონის ხვრელიც, რის გამოც ამ სექტორისკენ უფრო მეტი სითბო მოემართება. უახლოეს ათწლეულებში, ეს რეგიონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზღვის დონის მატებაში“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.