ანტარქტიდაზე მილიონი წლის წინანდელი დნმ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდაზე მილიონი წლის წინანდელი დნმ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ანტარქტიდის ჩრდილოეთ ნაწილში, სკოშის ზღვის ფსკერზე, მეცნიერებმა მილიონი წლის წინანდელი დნმ-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ორგანული მასალის ეს ფრაგმენტები შეიძლება ფასდაუდებელი იყოს ამ რეგიონის ისტორიის შესასწავლად — თუ რა ცხოვრობდა მაშინ ოკეანეში და რამდენ ხანს.

ტექნიკურ სახელწოდებად დანალექოვან დნმ-ს seda-დნმ ეწოდება და სავარაუდოდ, ახლად აღმოჩენილი ნიმუშები დიდად გამოსადეგი იქნება იმის გასარკვევად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებამ მომავალში ანტარქტიდაზე.

„ეს გახლავთ უძველესი ავთენტური საზღვაო seda-დნმ“, — ამბობს ავსტრალიის ტასმანიის უნივერსიტეტის საზღვაო ეკოლოგი ლინდა ამბერხტი.

seda-დნმ მრავალ სხვადასხვა წყლიან გარემოში გვხვდება, მათ შორის სახმელეთო მღვიმეებსა და სუბარქტიკულ გაყინულ ნიადაგებში; მღვიმეებში 400 000 წლის წინანდელი ასეთი დნმ-ია აღმოჩენილი, გაყინულ ნიადაგებში კი 650 000 წლის წინანდელი.

დაბალი ტემპერატურის, ჟანგბადის დაბალი შემცველობისა და ულტრაიისფერი რადიაციის ნაკლებობის გამო, პოლარული წყლიანი გარემო, როგორიც არის სკოშის ზღვა, seda-დნმ კარგად ინახება და უბრალოდ, აღმოჩენას ელოდება.

დნმ 2019 წელს, ოკეანის ფსკერიდან ამოიღეს და მას შემდეგ, ჩაუტარდა ყოველმხრივი შემოწმება დაბინძურების გამოსარიცხად, რათა დაზუსტებულიყო, რომ მისი ასაკი სწორია და ახალი არ არის.

სხვა რამეებს შორის, ჯგუფმა აღმოაჩინა 450 000 წლის წინანდელი დიატომეები (ერთუჯრედიანი კაჟოვანი წყალმცენარე), რაც ასევე გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ განვითარდა მსოფლიოს ეს ნაწილი დროთა განმავლობაში.

მკვლევართა ჯგუფმა დიატომეას სიუხვე თბილ პერიოდებს დაუკავშირა, როგორიც სკოშის ზღვა ბოლოს დაახლოებით 14 500 წლის წინ იყო. ამან კი ანტარქტიდის რეგიონში გამოიწვია ზოგადად საზღვაო სიცოცხლის აქტივობათა ზრდა.

„საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც დაკავშირებულია ზღვის დონის მსოფლიო მასშტაბის, სწრაფ აწევასთან და ბუნებრივი დათბობის გამო ანტარქტიდის ყინულის მასიური დაკარგვასთან“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ბონის უნივერსიტეტის გეოლოგი მიხაელ ვებერი.

უახლესი კვლევა წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ seda-დნმ-ს მეთოდი შეიძლება გამოსადეგი იყოს ასობით ათასი წლის წინანდელი ეკოსისტემების რეკონსტრუქციისთვის, რაც სრულიად ახალი დონის ცნობებს მოგვცემს ოკეანის ცვლილების შესახებ.

მეცნიერები სულ უფრო აუმჯობესებენ უძველესი დნმ-ების ამოღებისა და გასუფთავების მეთოდებს.

წარსულის კლიმატური ცვლილებებისა და მათ საპასუხოდ ოკეანის ეკოსისტემების რეაგირების შესწავლა უფრო ზუსტი მოდელების საწინდარია, რათა უკეთ შევძლოთ იმის პროგნოზირება, რა შეიძლება მოხდეს მომავალში სამხრეთ პოლუსის გარშემო.

ანტარქტიდა დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე რეგიონია; გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი პოლარული საზღვაო ეკოსისტემის წარსულ და ამჟამინდელ რეაგირებათა შესწავლა გადაუდებელი საკითხია“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uni-bonn.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.