ანტარქტიდის ყინულებქვეშ, წყვდიადით მოცულ ზღვის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყინულებქვეშ, წყვდიადით მოცულ ზღვის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ანტარქტიდის ქვეშ არსებული წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე, მკაცრ გარემოს წარმოქმნის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია.

იქ სრული წყვდიადია და ტემპერატურაც ნულს ქვემოთ არის; თუმცა, როდესაც მეცნიერებმა ანტარქტიდის სიბნელითა და სიცივით მოცული ერთ-ერთი შელფური მყინვარი გაბურღეს, მიადგნენ ზღვის ფსკერზე მიმოფანტულ ლოდებს, სადაც რამდენიმე ისეთი სახეობა ბინადრობდა, რომლებიც ალბათ აქამდე არასოდეს გვინახავს.

რამდენიმე ორგანიზმი ასეთ ადგილებში აქამდეც იყო აღმოჩენილი, მაგრამ ეს შემთხვევა პირველია, როდესაც მივაგენით ასეთ სასტიკ გარემოში მუდმივად ერთ ადგილას ბინადარ ქმნილებებს, მაგალითად, ზღვის ღრუბლებს.

„ეს აღმოჩენა ერთ-ერთია იმ იღბლიან ინციდენტთაგან, რომელსაც ჩვენი იდეები სხვა მიმართულებით მიაქვს და გვაჩვენებს, რომ ანტარქტიდის ზღვის სიცოცხლე წარმოუდგენლად განსაკუთრებულია და საოცრად მორგებულია გაყინულ სამყაროს“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის ბიოგეოგრაფი ჰიუ გრიფითსი.

ანტარქტიკის შელფური მყინვარები მუდამ გაყინული, ზღვაზე მოტივტივე ყინულის მასებია, რომლებიც ანტარქტიდის ძირითად კონტინენტურ ხმელეთთან არის დაკავშირებული და ხშირად, ისინი წარმოუდგენლად დიდია. სართო ჯამში, მათი ფართობი 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია, ანუ შეადგენს ანტარქტიკის კონტინენტური შელფის დაახლოებით მესამედს.

ვინაიდან მათ ქვეშ გარემო ძლიერ არასტუმართმოყვარეა და იქ მოხვედრა ძალიან რთულია, შესწავლილი ძალიან მწირად არის. ზოგადად, მეცნიერები ყინულს ბურღავენ და ხვრელში აპარატურას უშვებენ, რათა იქ მიმდინარე ამბები გაარკვიონ.

რვა ასეთი ნაბურღი ხვრელიდან ვიცით, რომ ყინულის ქვეშ სიცოცხლეა, ძირითადად პატარა, მობილური ქმნილებების სახით, როგორებიც არიან თევზები, მედუზები, ჭიაყელები და კიბოსნაირნი. ზღვის ღრუბლების ნახვა იქ ძალიან მოულოდნელი იყო, ისეთი რეგიონებიდან ძალიან შორს, სადაც ფოტოსინთეზი შესაძლებელია.

თუმცა, ფილხნერის შელფური მყინვარის ქვეშ, შელფური მყინვარის წინა ნაწილიდან 260 კილომეტრის მოშორებით, 890 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ, ზღვის ფსკერზე, 1233 მეტრ სიღრმეზე, გრიფითსმა და მისმა კოლეგებმა სწორედ ეს არსებები იპოვეს. ქანებზე მიწებებული ერთ ღრუბელს ყუნწი ჰქონდა, 15 ყუნწის გარეშე იყო; იქვე იპოვეს 22 გაურკვეველი ყუნწიანი ორგანიზმი, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს ღრუბლები, ასციდიები, ჰიდროიდები, ულვაშფეხიანი კობოები, კნიდარიები და მრავალჯაგრიანი ჭიები.

„ჩვენი აღმოჩენა უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს გვთავაზობს; მაგალითად, როგორ მოხვდნენ ისინი იქ? რას ჭამენ? რამდენი ხანია, რაც იქ არიან? რამდენად არის გავრცელებული სიცოცხლით დაფარული ასეთი ლოდები? იგივე სახეობები არიან, რომლებსაც შელფურ მყინვართა მიღმა ვხედავთ, თუ ახალი სახეობებია? რა დაემართებათ ამ საზოგადოებებს შელფური მყინვარის ჩანგრევის შემთხვევაში?“, — ამბობს გრიფითსი.

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მზეზეა დამოკიდებული. ფოტოსინთეზი კვების ჯაჭვის საძირკველია, რადგან მცენარეები და წყალმცენარეები მზის სინათლით აწარმოებენ შაქრებს, სხვა ორგანიზმები კი ან თავად მცენარეებს ჭამენ, ან ამ მცენარეთა მჭამელ ორგანიზმებს და ა. შ.

ყინულებქვეშ, სრულ წყვდიადში, სადაც მზის სინათლეს არასოდეს მიუღწევია, ცოცხალი არსებები სხვანაირ სტრატეგიას იყენებენ. ოკეანის თერმული ღრმულების გარშემო, საიდანაც სითბო და ვულკანური ქიმიური ნივთიერებები ამოდის, ბაქტერიები შაქრებს ქემოსინთეზის საშუალებით აწარმოებენ და წარმოქმნიან ასეთივე კვების ჯაჭვის საფუძველს. ქემოსინთეზური ეკოსისტემა ასევე აღმოაჩინეს რუმინეთის ერთ-ერთ მღვიმეში.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მყინვარების ქვეშ ბინადარი ორგანიზმები ქემოსინთეზისთვის წყალბადს იყენებენ. ოკეანეში აღმოჩენილია ისეთი ქემოსინთეზური ეკოსისტემაც, რომელიც მეთანს იყენებს; ანტარქტიკულ წყლებში, ნაპოვნია ზღვის ფსკერიდან მეთანის გაჟონვის შემთხვევებიც.

გრიფითსისა და მისი კოლეგების მიერ შესწავლილი მონაკვეთები ფოტოსინთეზის უახლოესი რეგიონიდან 625 – 1500 კილომეტრით არის დაშორებული. შესაბამისად, როგორც ჩანს, იქ ბინადარი ცოცხალი არსებები ქემოსინთეზური კვების ჯაჭვის გარკვეულ ფორმას ეყრდნობიან, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლები ხორცისმჭამელებს მიეკუთვნებიან (თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის).

ამის დადგენის ერთადერთი გზაა ამ ორგანიზმებისა და მათი გარემოს გაცილებით დეტალური კვლევა, რაც უკიდურესად რთული საქმეა.

„ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა ვიპოვოთ ამ ცხოველებთან და მათ გარემოსთან ახლოს მისვლის გზა — 900 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ, იმ გემებიდან 260 კილომეტრის მოშორებით, სადაც ჩვენი ლაბორატორიებია განთავსებული“, — ამბობს გრიფითსი.

მისივე განცხადებით, მათ, როგორც პოლარულ მეცნიერებს, მათ შესასწავლად და ყველა ახალ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ახალი, ინოვაციური გზების მოძებნა მოუწევთ.

კვლევა Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი