ანტარქტიდას უზარმაზარი აისბერგი სწყდება
ანტარქტიდას უზარმაზარი აისბერგი სწყდება

ანტარქტიკაში, კუნძულ პაინეს მყინვარმა შესაძლოა, სულ მალე ყინულის კიდევ ერთი დიდი ნაჭერი დაკარგოს, რადგან ზედაპირზე უკვე გამოჩნდა 30 კმ სიგრძის ბზარი.

შარშან, ამავე მყინვარიდან ზღვაში შეცურდა 260 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი, რომელიც მეხუთე უდიდესი იყო საუკუნეში. მოწყვეტის შემთხვევაში, ახალი აისბერგი ზომით მეექვსე იქნება.

ნიდერლანდების დელფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეფ ლჰერმიტმა ნაპრალი გასულ კვირას შენიშნა, როცა მან ამ ზონის ყოველდღიური ფოტოები მიიღო.

 

მყინვარის ყინულოვანი საფარის თანამგზავრულ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს მის შუაგულში გაჩენილი მუქი ხაზი.

მომავალ აისბერგს დანარჩენ მყინვართან ჯერ კიდევ აერთებს 10 კმ სიგრძის მონაკვეთი. ყინული ოკეანეში უახლოეს კვირებში ან თვეებში მოწყდება და გადაიქცევა ოკეანეში მცურავ უზარმაზარ, 300 კმ კვ ფართობის მცურავ კუნძულად.

რა თქმა უნდა, აისბერგები სულაც არ არის იშვიათი ობიექტები ანტარქტიდის მიმდებარე წყლებში და არც ამ ახალი ნაპრალის აღმოჩენაა უცხო ამბავი.

მაგრამ საგანგაშოა ყინულების მოწყვეტის ხასიათი და ქრონოლოგია. როგორც წესი, აისბერგები მყინვარებს გვერდებიდან სწყდება, მაგრამ ეს კონკრეტული ნაპრალი წარმოქმნილია შუაგულში და ივრცობა დიდ სიღრმეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის ქვეშ უკვე თბილი წყალია.

გარდა ამისა, ამ ტიპის აისბერგები ანტარქტიდას ბოლო წლებში მოსალოდნელზე უფრო ხშირად სწყდება, დაჩქარებულია კონტინენტის დასავლეთ ნაწილის ყინულოვანი საფარის დნობის მაჩვენებელი.

ეს პროცესი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გლობალურ დათბობასთან, მაგრამ როგორც ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, ამ ზონაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ასევე ჰქონდეს ენერგიის ზედაპირქვეშა წყაროს. სავარაუდოდ, ყინულებქვეშ ტემპერატურას მაღლა სწევს ვულკანური სიცხე.

როგორც ჩანს, კუნძულ პაინეს სქელი მყინვარული ენის დაშლას ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვნად აჩქარებს.

კუნძულ პაინეს მთლიანი ყინულოვანი საფარის გადნობის შემთხვევაში, მსოფლიო ოკეანის დონე დაახლოებით ნახევარი მეტრით მოიმატებს.

ასეთი სცენარი ყველაზე უარეს შემთხვევაში მოხდება. თუმცა, გაერო-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქმე არც ისე კარგად არის და გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2040 წლისთვის დედამიწა ძლიერი კრიზისების რისკის წინაშე აღმოჩნდება.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი