140 წელიწადში დედამიწაზე ნახშირბადის დონე საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს - ახალი კვლევა
140 წელიწადში დედამიწაზე ნახშირბადის დონე საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს - ახალი კვლევა

მაშინ, როცა ჩვენს შვილიშვილებს შვილები ეყოლებათ, კაცობრიობა სავარაუდოდ მოხსნის კლიმატურ რეკორდს, რომელიც ბოლო 56 მილიონი წლის განმავლობაში არავის მოუხსნია.

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანთა წყალობით, ატმოსფეროში იმაზე 10-ჯერ მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწის ბოლო გათბობის მოვლენის დროს, რომელსაც პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი ეწოდება.

თუ ნახშირბადის გამოყოფა მომავალშიც გაგრძელდება, მათემატიკური მოდელები პროგნოზირებს, რომ უახლოეს რამდენიმე ასწლეულში ჩვენ კიდევ შემდეგი პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის წინაშე აღმოვჩნდებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უახლოეს მომავალში დედამიწა შესაძლოა ისეთი გახდეს, როგორიც შორეულ წარსულში იყო — იმ დროს, როცა არქტიკა ყინულებისგან თავისუფალი იყო და იქ ნიანგები ბინადრობდნენ, ლანდშაფტს კი პალმის ხეები ამშვენებდა.

„მე და თქვენ 2159 წელს ცოცხლები აღარ ვიქნებით, მაგრამ იქამდე სულ რაღაც ოთხი თაობა გვაშორებს, ეს თქვენი შვილთაშვილების ეპოქაა“, — გვაფრთხილებს მიჩიგანის უნივერსიტეტის პალეოკლიმატის მკვლევარი ფილიპ გინგერიხი.

პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმს ხშირად ამჟამინდელი გლობალური დათბობის ნიშნულად იყენებენ. ამ დროს, კლიმატის სწრაფი ცვლილების შედეგად შეიცვალა ლანდშაფტი, დამჟავიანდა ოკეანები, დაიწყო დიდი გადაშენება.

პლანეტას აღდგენისთვის 150 000 წელიწადზე მეტი დასჭირდა, მაგრამ მაშინ მომხდარ ამბებს არაფერი აქვს საერთო დღევანდელთან.

პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის დროს გლობალურმა ტემპერატურამ 7 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რაც დღევანდელ საშუალოზე მეტია, თუმცა ამ ნიშნულისკენ საკმაოდ სწრაფი ტემპით მივდივართ.

ახალი კვლევის მიხედვით, თუ არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ასე გაგრძელდა, სულ რაღაც 140 წლის განმავლობაში, ადამიანები იმავე რაოდენობის სათბურის გაზებს გამოყოფენ, რამდენიც პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის დროს გამოიყო.

სანდერბილტის უნივერსიტეტის ალეონტოლოგ ლარისა დესანტისის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის დათბობის ეკვივალენტს ძალიან სწრაფად, რამდენიმე ასწლეულში მივაღწევთ, უბრალოდ შემაძრწუნებელია.

დღეისათვის, კლიმატის მეცნიერები პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმს იმის სანიმუშოდ იკვლევენ, თუ რა შეიძლება უქნას დათბობამ ჩვენს პლანეტას და როდის უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებს.

თუმცა, რამდენად გამოსადეგიც არ უნდა იყოს იგი, დღეს სულ სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. მიჩნეულია, რომ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის გამომწვევი მიზეზი კომეტა ან ვულკანები გახდა, ამჟამინდელი კლიმატური კატასტროფის ძირითადი მიზეზი კი ადამიანია. თანაც, პროცესი უპრეცედენტო სიჩქარით მიდის.

გარდა ამისა, ეს პროცესი ხდება იმ დროს, როცა წესით, დედამიწა ოდნავ უნდა ცივდებოდეს, როცა ის სავსეა სხვადასხვა ეკოსისტემებითა და სახეობებით.

კველა ამ ცვალებადი ფაქტორის გათვალისწინებით, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამჟამინდელი დათბობის შაბლონად პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის გამოყენება არც ისე გამოსადეგი იქნება მომავალში.

„ნახშირბადის გამოყოფა ამჟამად უპრეცედენტო მასშტაბით ხდება, პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის მოვლენის კონტექსტშიც კი. არ გაგვაჩნია გეოლოგიური ნიმუშები, რომელთა წყალობითაც გავიგებდით, როგორ შეიძლება შეეპასუხოს დედამიწა ამ გამანადგურებელ პროცესს“, — აღნიშნავს იუტის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი გაბრიელ ბოუენი.

კვლევა ჟურნალ Paleoceanography and Paleoclimatology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.