გაერო-ს კვლევა კლიმატის ცვლილებაზე - მკაცრი გაფრთხილება კაცობრიობას
გაერო-ს კვლევა კლიმატის ცვლილებაზე - მკაცრი გაფრთხილება კაცობრიობას

კაცობრიობას ბუნებასთან შეჯახების გეზი აქვს აღებული. უკვე ათწლეულებია, კლიმატის მეცნიერები განგაშის ზარებს რეკენ, მაგრამ ამაოდ.

როგორც ჩანს, უმოქმედობის შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალია.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) ახალი მოხსენების თანახმად, ჩვენ ამჟამად ბოლო წრეზე ვიმყოფებით და სარბენი ბილიკი იმაზე მოკლეა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მოხსენება, რომელიც 6000-ზე მეტ სამეცნიერო კვლევას ეყრდნობა, ასკვნის, რომ შეიძლება, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სცენარები გლობალური დათბობის უფრო დაბალ ტემპერატურაზეც მოხდეს, თანაც ამჟამინდელ პროგნოზებზე ათწლეულებით უფრო ადრე.

„უახლოესი რამდენიმე წელიწადი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ისტორიაში“, — ამბობს IPCC-ის თანათავმჯდომარე დებრა რობერტსი.

2015 წელს დადებული პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანია, არ დაუშვას ტემპერატურის მომატება ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდზე 2 გრადუსით მეტად.

ეს სამიზნე დიდხანს მიიჩნეოდა კლიმატის ცვლილების ყველაზე სახიფათო ეფექტთა ერთგვარ ზღრუბლად. ამ ეფექტებს შორის არის მარჯნის რიფების განადგურება, საკვების დეფიციტი, ტყის ხანძრები და სანაპიროების დატბორვა.

მაგრამ როგორც ჩანს, წარსულის ეს პროგნოზები ზედმეტად კონსერვატიულია. ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, რა შეიძლება მოხდეს , თუკი დედამიწა მხოლოდ 1,5 გრადუსი ცელსიუსით გათბება. შედეგები არასახარბიელოა.

თუკი ადამიანთა საქმიანობით გამოწვეული გლობალური გამონაბოლქვის გამოყოფა ამჟამინდელი მაჩვენებლით გაგრძელდება, მოხსენების 91 ავტორი პროგნოზირებს, რომ დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით 2040 წლამდე მოიმატებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10-14 წელი დაგვრჩა, რათა თავიდან ავიცილოთ სცენარი, რომელსაც გვეგონა, რომ ათწლეულები გვაშორებდა.

მოხსენების მიხედვით, ტემპერატურის 1,5 გრადუსით მომატების შემთხვევაში, გაქრება ტროპიკული მარჯნის რიფების 70-90 პროცენტი. მაგრამ 2 გრადუსის შემთხვევაში, ეს რიცხვი 99-მდე გაიზრდება.

ავტორთა პროგნოზით, 1,5 გრადუსის შემთხვევაში, ზღვის ყინულს სრულად დაკარგავს არქტიკის ოკეანე. თუკი მოვახერხებთ, რომ ზრდის მაჩვენებელი 2 გრადუსამდე არ გაიზარდოს, კვლევა პროგნოზირებს, რომ 1,5 გრადუსით მომატება ზღვის დონეს 10 სმ-ით უფრო ნაკლებად ასწევს და არ მოგვიწევს ისეთი საშინელი ქმედებების განხორციელება, როგორიც არის ტროპიკების მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია.

როგორც ჩანს, ის, რაც ერთ დროს ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარი იყო, ახლა ერთ-ერთი ყველაზე სასურველია. სიტუაციას უფრო ამძიმებს ისიც, რომ უკიდურესად რთული იქნება მკვეთრი და დაუყოვნებლივი მოქმედებების საერთაშორისო მასშტაბით გატარება.

IPCC-ის თანათავმჯდომარისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტის, ჯიმ სკეას განცხადებით, ტემპერატურის მატების 1,5 გრადუსიან ზღვარში მოქცევა ფიზიკის და ქიმიის კანონებით შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს.

საერთო ჯამში, ავტორები თანხმდებიან, რომ სათბურის აირების გამოყოფის ამჟამინდელი მაჩვენებელი 2030 წლისთვის 45 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი 100 პროცენტით.

გარდა ამისა, მსოფლიომ სრულიად უნდა თქვას უარი ქვანახშირზე და განახლებადი ენერგიის წყაროები 50 პროცენტით გააძლიეროს.

დღეისათვის, ამ ორი მიზნის მისაღწევად არც თუ ისე ბევრი რამ კეთდება. უფრო მეტიც, გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენების მიმართულებით, ვადგავართ ტემპერატურის 3 გრადუსით მომატების გზას.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გვესაჭიროება გამონაბოლქვის შემცირება და მსოფლიო ეკონომიკის თითქმის მოსპობა“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი და კვლევის ავტორი, მაილის ალენი.

კაცობრიობის ამჟამინდელი კურსიდან გამომდინარე, ასეთი დრამატული და უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელი ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებას ხელს აწერს მსოფლიოს 180 ქვეყანა, აშშ (მეორე უდიდესი დამაბინძურებელი მსოფლიოში) აცხადებს, რომ მისი თანხმობა არ გულისხმობს კვლევის შედეგების მოწონებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის მიზნით, ქვეყანა პარიზის შეთანხმებიდან უახლოესი შესაძლებლობისთანავე გავა.

ის, რომ კაცობრიობა მართლაც გადალახავს 1,5 გრადუსიან ზღვარს, მართლაც რეალური ჩანს. ზიანი გამოუსწორებელი იქნება. ავტორები შიშობენ, რომ ამ დროს ერთადერთი შანსი იქნება ნახშირბადის შთანთქმის ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ საკმარისი მასშტაბებით ვერ მუშაობს. უკვე შეუძლებელი იქნება დაკარგული ეკოსისტემების გადარჩენაც.

„ჩვენ გაფრთხილებას ვუგზავნით მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებებს. ყველაფერი ახლა მათ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული“, — განუცხადა გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯიმ სკეამ The Washington Post-ს.

მომზადებულია The Washington Post-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი