მკვლევართა განცხადებით, მომდევნო ხუთი წელი ნორმალურზე გაცილებით ცხელი იქნება
მკვლევართა განცხადებით, მომდევნო ხუთი წელი ნორმალურზე გაცილებით ცხელი იქნება

გასული ოთხი წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი იყო მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის შენახვა დაიწყეს. ახალი სამეცნიერო პროგნოზის მიხედვით, ანომალიურად ცხელი იქნება მომდევნო ხუთი წელიც.

შესაძლოა, დამყარდეს ყველაზე ცხელი წლის ახალი რეკორდიც, რომელიც ამჟამად 2016 წელს ეკუთვნის.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორის, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერის, ფლორიან სეველეკის განცხადებით, მომდევნო ხუთი ან მეტი წელი დიდი ალბათობით, ანომალიურად ცხელი იქნება, რასაც თან უნდა ახლდეს ანომალიური სიცივეც.

მართალია, დედამიწა თბება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი წელი წინა წელზე უფრო ცხელი უნდა იყოს.

არსებობს დათბობის ზოგადი ტენდენცია, ანუ ყოველი ათწლეული წინაზე უფრო თბილია, მაგრამ მათ შორის არის განსაკუთრებით ცხელი წლებიც.

წლის ტემპერატურის ოდენობის ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია კლიმატის ე. წ. შიდა ცვალებადობა, რომლის საპირისპიროდაც ადამიანის მიერ გამოყოფილი სათბური გაზების წვლილი მიიჩნევა.

2018-2022 წლების ახალი პროგნოზი სწორედ ამ ბუნებრივ და ხელოვნურ ცვალებადობათა როლს ეფუძნება.

მაგალითად, 2000-იან წლებში, გლობალური დათბობის „პაუზის“ დროს, ისეთმა შიდა ფაქტორებმა, როგორებიცაა დედამიწის ოკეანეთა რყევები, პლანეტა შედარებით გრილად შეინარჩუნა, ვიდრე სინამდვილეში უნდა ყოფილიყო.

მაგრამ როგორც ჩანს, იგივე შიდა ფაქტორები ახლა საპირისპიროდ მოქმედებს, აღნიშნულია ახალ კვლევაში.

გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა მტკიცე ტემპით გრძელდება, ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

კვლევამ მონაცემები აიღო ამჟამად არსებული კლიმატის ცვლილების 10 მოდელიდან, ანუ სიმულაციიდან, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს ბუნებრივი ფაქტორები პლანეტის ტემპერატურაზე.

ამის შემდეგ, იგივე სიმულაციებით სცადეს დაედგინათ, რა როლს ითამაშებს ეს ფაქტორები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ეს პროგნოზი მხოლოდ ალბათობას ემყარება და უდავო ჭეშმარიტება არ არის.

როგორც კვლევამ დაადგინა, ამ პროგნოზზე დაყრდნობით, არსებობს 58 პროცენტიანი შანსი, რომ 2018-დან 2022 წლამდე დედამიწის ზოგადი ტემპერატურა ანომალიურად მაღალი იყოს. ოკეანეების წყლის შემთხვევაში ეს ალბათობა 69 პროცენტია.

საკმაოდ ცხელი იყო 2018 წელიც, მაგრამ არა რეკორდულად. NASA-ს მონაცემებით, მარტი-მაისის მონაკვეთში ტემპერატურა 0,87 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო 1951-1980 წლებში დაფიქსირებულ პლანეტის საშუალო მაჩვენებელზე, რასაც სიცხის რეკორდებში მესამე ადგილი უკავია.

NASA-ს მონაცემებით, 2016 ყველაზე ცხელი წელი იყო დაფიქსირებულთა შორის. მას მოსდევს 2017, 2015 და 2014 წლები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი