მეცნიერებმა მარტივად შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია
მეცნიერებმა მარტივად შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია

მეცნიერებმა მაგნეზიტის წარმოების სწრაფ გზას მიაგნეს. ეს მინერალი ნახშირორჟანგს შთანთქავს და ინახავს. თუკი ახალი მეთოდი სამრეწველო მასშტაბს მიიღებს, გაჩნდება ატმოსფეროდან CO2-ის მოშორებისა და გრძელვადიანი შენახვის სრულიად ახალი გზა. ცნობილია, რომ ატმოსფერულ CO2-ს გადამწყვეტი ეფექტი აქვს გლობალურ დათბობაზე.

ატმოსფეროდან ზედმეტი ნახშირორჟანგის მოშორების გზით გლობალური დათბობის შემცირებაზე მეცნიერები აქამდეც მუშაობდნენ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს სერიოზული პრაქტიკული და ეკონომიკური შეზღუდვები.

თუმცა ახლახან, პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა დაადგინეს, როგორ უნდა წარმოიქმნას მაგნეზიტი დაბალ ტემპერატურაზე და წარმოადგინეს გზა, რომელიც დრამატულად აჩქარებს მის კრისტალიზაციას. ბუნებრივად წარმოქმნილ ერთ ტონა მაგნეზიტს ატმოსფეროდან დაახლოებით ნახევარი ტონა CO2-ის შთანთქმა შეუძლია, მაგრამ ფორმაციის მაჩვენებელი ძალიან ნელია.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ იან ფაუერის განცხადებით, ახალი კვლევა ორ რამეზე მიუთითებს. პირველი — აჩვენებს როგორ და რამდენად სწრაფად წარმოიქმნება მაგნეზიტი ბუნებრივად. ამ პროცესს ბუნებაში, დედამიწის ზედაპირზე, ასობით და ათასობით წელი სჭირდება. მეორე — გამოიკვეთა გზა, რომელიც ამ პროცესს დრამატულად აჩქარებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კატალიზატორად პოლისტროლის მიკროსფეროს გამოყენების შემთხვევაში, მაგნეზიტი 72 დღეში წარმოიქმნება. წარმოების პროცესში უცვლელი რჩება თავად მიკროსფეროები და შესაბამისად, შესაძლებელია მათი ხელახლა გამოყენება.

იან ფაუერის თქმით, მიკროსფეროების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა მაგნეზიტის წარმოებას კიდევ უფრო დააჩქარებს. მისივე თქმით, პროცესი ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რაც მაგნეზიტის წარმოებას უკიდურესად ენერგოეფექტიანს ხდის.

როგორც ფაუერი აღნიშნავს, მათ კარგად იციან, რომ ეს პროცესი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულია და საჭიროა მასშტაბების გაზრდა მანამ, სანამ საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ მაგნეზიტის გამოყენება შესაძლებელია ზედმეტი ნახშირბადის მოსაშორებლად (იგულისხმება ატმოსფეროდან ზედმეტი CO2-ის ამოღება და მისი სამუდამოდ შენახვა მაგნეზიტის სახით). მეცნიერი იქვე შენიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ნახშირბადის ფასსა და მისი სეკვესტრაციის ტექნოლოგიების დახვეწაზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მეცნიერებას ამის გაკეთება შეუძლია.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტერ კელემენის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფის შრომა ამაღელვებელია, რადგან მათ შექმნეს მექანიზმი, რომელიც მაგნეზიტის კრისტალიზაციას დაბალ ტემპერატურაზე ახდენს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პროცესის აჩქარების პოტენციალი, რაც ატმოსფერული ნახშირბადის შთანთქმისა და შენახვის შედარებით იაფი გზა უნდა გახდეს.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.