ოკეანიდან უზარმაზარი ოდენობის CO2 გამოიყო, რაც ვერავინ შენიშნა - განადგურებულია უნიკალური მცენარეულობა
ოკეანიდან უზარმაზარი ოდენობის CO2 გამოიყო, რაც ვერავინ შენიშნა - განადგურებულია უნიკალური მცენარეულობა

ჩვენი პლანეტის კლიმატი ეფუძნება ერთმანეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ ქიმიურ რეაქციებსა და კონტრრეაქციებს. თუმცა, ახლახან გამოვლინდა სრულიად სხვანაირი შემთხვევა – ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში, ზღვის მცენარეულობით დაფარული წყალქვეშა რეგიონიდან სიცხის ტალღამ განაპირობა წარმოუდგენლად დიდი ოდენობის CO2-ის გამოყოფა.

როგორც მკვლევრებმა ახლახან გაარკვიეს, 2010-2011 წლებში, წყლის 2-3 გრადუსი ცელსიუსით გათბობამ, ამ წყალქვეშა მდელოს მცენარეულობის დიდი ნაწილი განადგურა.
დაზიანდა ზღვის მდელოების მესამედზე მეტი, რაც მაშინ არავის შეუნიშნავს.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, ატმოსფეროში არსებული დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი ათბობს პლანეტას და განაპირობებს კიდევ უფრო მეტი სათბური გაზების გამოყოფას.


ზღვის მცენარეულობის განადგურება ორმაგად სასტიკია გარემოს სიჯანსაღისათვის — არა მხოლოდ ვკარგავთ მცენარეთა მიერ CO2-ის დაჭერისა და შენახვის უნარს, არამედ უკან, ეკოსისტემაში გამოიყოფა უკვე დაჭერილი და შენახული CO2.

„ზღვის მცენარეულობა CO2-ის ერთგვარი ავზებია, რომლებსაც ნახშირბადის ლურჯ ეკოსისტემებს უწოდებენ. ბიოსეკვესტრაციის გზით, ისინი ნახშირორჟანგს იჭერენ და თავიანთ ნიადაგსა და ბიომასაში ინახავენ. თუკი ეკოსისტემა ხელუხლებელი დარჩება, მის ნაიდაგებში ჩაჭედილი ნახშირბადი ათასწლეულებს გაუძლებს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტიდან, პერე მასკე.

ამ ყველაფერში დამნაშავე აღმოჩნდა 2010-2011 წლებში მომატებული ტემპერატურა.

ახალი კვლევის მიხედვით, 2014 წლამდე უნდა განადგურებულიყო 1000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ზღვის მდელო.

იმისათვის, რათა განესაზღვრათ დაახლოებით რა ოდენობის მდელო გაქრა, გამოიყენეს 50 სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიმუშები და მოდელირებული გათვლები.

გარდა ამისა, შემცირდა გადარჩენილი ზღვის მცენარეულობის სიმჭიდროვე. 2002 წელს 74 პროცენტი სიმჭიდროვის მქონე მდელოებს ეს მაჩვენებელი 2014 წელს მხოლოდ 46 პროცენტიღა ჰქონდა.

როცა მკვდარი მცენარეულობის ფენებში ჟანგბადი აღწევს, იცვლება ბაქტერიათა ქიმიური ნაზავი და გამოიყოფა დანალექებში შენახული ნახშირბადი.

საერთო ჯამში, ატმოსფეროში გამოიყო დაახლოებით 9 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი. ეს მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, რასაც წელიწადში გამოყოფდა 1,6 მილიონი ავტომობილი.

„ეს გახლავთ ნახშირბადის ბომბი. სამწუხაროდ, მისი გამოყოფის პროცესი ყველას გამოგვრჩა“, — უთხრა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარმა გარი კენდრიკმა The Guardian-ს.

საუბარია შარკის ყურის რეგიონზე, რომელიც მოიცავდა ზღვის გადარჩენილი მცენარეულობის ერთ-ერთ უდიდეს ეკოსისტემას დედამიწაზე და შეიცავდა ზღვის მცენარეულობის მიერ შენახული CO2-ის 1,3 პროცენტს.

შარკის ყურის წყალქვეშა მდელოები

წყალმცენარეებს ნახშირბადის ჩაჭერისა და შენახვის უნარი სავარაუდოდ ასევე შეუმცირა სანაპირო ზოლის ათვისება-განვითარებამ, წყლის ცუდმა ხარისხმა და გემების მიერ ჩაშვებულმა ღუზებმაც კი.

სურათი ნამდვილად შავბნელია, ზღვის წყალმცენარეთა მდელოების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს ძალიან დიდ დროს და ბევრ ფულს.

ამჟამად აქტიურად მუშავდება ამ რეგიონის გადარჩენისა და აღდგენის გეგმა. სავარაუდოდ, მოხდება მკვდარი მცენარეულობის ფენის ამოღება და ახლების დარგვა.

მკვლევართა თქმით, საჭიროა დროულად დავფიქრდეთ და შევამციროთ სათბური გაზების გამოყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდარი წყალმცენარეები კიდევ უფრო მეტი CO2-ს გამოყოფენ და უფრო მეტად დააზიანებენ ისედაც არასახარბიელო მგომარეობაში მყოფ ჩვენს პლანეტას.

კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით