ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია
ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია

ჩრდილოეთ პოლუსზე მზე 20 მარტამდე არ ამოვა. როგორც წესი, ამ დროს იქ წლის ყველაზე ცივი პერიოდია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, პლანეტის ამ ნაწილზე უკიდურესი და ალბათ ისტორიული დათბობა მოხდა.

როგორც ანალიზები აჩვენებს, უზარმაზარი შტორმის მიერ გრენლანდიის ზღვისკენ გადაქაჩულმა სიცხემ, ტემპერატურა დნობის წერტილამდე ასწია.

აშშ-ის გლობალური ამინდის სისტემის მოდელის მიხედვით, ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურა შეიძლება 2 გრადუსამდეც კი გათბა.

მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებული ტემპერატურა პირდაპირ არ გაუზომავთ, ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატურ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტ ზაკ ლეიბის განცხადებით, რამდენიმე დამოუკიდებელმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსთან არსებული ტემპერატურა ნორმალურს 30 °C-ით აღემატება.

ლეიბის თქმით, თბილი ჰაერის მასები პირდაპირ ცენტრალური არქტიკის გულში შეიჭრა.

ჩრდილოეთის 80 გრადუსიანი პარალელის მიმდებარე რეგიონის საშუალო ტემპერატურამ თებერვალში ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. საშუალო ტემპერატურა 20 °C-ით აღემატება ნორმალურს.

„სიცხის სხვა შემოჭრების დროს, ტემპერატურა ამ მაჩვენებელთან ახლოს არ მისულა. გაოცებული ვარ მასშტაბებით“, — აღნიშნავს ლეიბი და იქვე იშველიებს დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მიერ 1958 წლიდან შეგროვებულ მონაცემებს.

მკვლევრის განცხადებით, არქტიკაში ცხელი ჰაერის მასების შეჭრა ერთ დროს ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ დღეისთვის, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გასული წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 1980 წლის შემდეგ ასეთი მოვლენები უფრო ხშირი, ხანგრძლივი და ინტენსიური გახდა.

„წარსულში ასე არ ყოფილა. 1980-2010 წლებში მოხდა მხოლოდ ოთხჯერ, თუმცა ბოლო ხუთი ზამთრის განმავლობაში, თბილი ჰაერი არქტიკაში უკვე ოთხჯერ შეიჭრა“, — განაცხადა კვლევის ავტორმა, ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის წარმომადგენელმა რობერტ გრაჰამმა.

როგორც იგი განმარტავს, დათბობა განპირობებულია არქტიკაში ზღვის ყინულის შემცირებით და იქვე აღნიშნავს, რომ იანვარში, ყინულის ფართობმა ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

მისი თქმით, ზღვის ყინულის დნობასა და გათხელებასთან ერთად, რეგიონი უფრო მოწყვლადი ხდება ზამთრის შტორმებისადმი.

„თხელი ყინული უფრო სწრაფად ლივლივებს და ნაკუწებად იმსხვრევა. სამხრეთიდან მომდინარე ძლიერი ქარები ყინულებს ჩრდილოეთით, ცენტრალურ არქტიკაში გადატყორცნის, წყალს გზას უხსნის და ოკეანიდან სითბოს ატმოსფეროს გადასცემს“, — ამბობს გრაჰამი.

მეცნიერებმა ნამდვილი შოკი მიიღეს, როცა რამდენიმე დღის წინ, გრენლანდიის ჩრდილოეთით ღია წყალი აღმოაჩინეს. როგორც წესი, ეს ზონა მუდამ დაფარული იყო ძველი, ძალიან სქელი ყინულით.

„ეს უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე არქტიკაში მიმდინარე დათბობის ტემპი“, — წერს კოლორადოს უნივერსიტეტის ყინულოვანი საფარის სპეციალისტი მაიკ მაკფერინი Twitter-ზე.

გრენლანდიის ჩრდილოეთ კიდეზე, ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით 650 კმ-ით სამხრეთით, მორის-ჯესუპის კონცხზე მდებარე ამინდის სადგურზე 61 საათის განმავლობაში დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურა – 0°C-ს მაღლა.

ტორონტოს უნივერსიტეტის ატმოსფერული ფიზიკოსი კენტ მური, რომელმაც 2016 წელს კვლევა ჩაატარა, ზღვის ყინულის დანაკარგს არქტიკაში თბილი ჰაერის მასების შეჭრას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროის სითბურ აქტივობაში წვლილი შეიტანა რამდენიმე ფაქტორმა.

მისი თქმით, ბოლო შტორმებმა გრენლანდიის ზღვის გავლით უფრო შორს მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსამდე და ქვედა განედებიდან თან წაიღო სითბო. მსგავსი ძლიერი ეფექტი არ აქვს ბარენცის ზღვაზე გამავალ უფრო შემოვლითი გზით შეჭრილ შტორმებს. მურის განცხადებით, გამთბარია გრენლანდიის ზღვაც.

„გრენლანდიის ზღვის გათბობა აშკარად ზრდის ჩრდილოეთ პოლუსზე ამჟამად მიმდინარე ეფექტებს. გაოცებული ვარ ამ ზღვის გათბობით, მაგრამ ამის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არ ვიცი“, — აღნიშნავს მური.

არქტიკაში ტემპერატურის მატება სავარაუდოდ დაკავშირებულია სტრატოსფეროს უცაბედ გათბობასთან. სტრატოსფერო ატმოსფეროს ფენაა დედამიწის ზედაპირიდან 9 კმ სიმაღლეზე, სადაც ყალიბდება ამინდი. მურის თქმით, ეს ფენა რამდენიმე კვირის წინ მოულოდნელად გათბა.

ძნელი გასარკვევია, რატომ გათბა სტრატოსფერო, ისევე როგორც ამ პროცესის შედეგები. როგორც ჩანს, მიმდინარეობს თბილი და ცივი ჰაერის მასების გადანაწილება. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის ცოტა ხნის წინ ევროპაში არსებული სასტიკი ყინვების მიზეზიც.

„უცნაური ზამთარია, მაგრამ ვფიქრობ, რაიმე სენსაცია არ ხდება“, — ამბობს NASA-ს კლიმატის მეცნიერი ალეკ პეტი.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით