ევროპამ პლანეტებზე მონადირე ახალი კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა
ევროპამ პლანეტებზე მონადირე ახალი კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა

ევროპის ახალმა, პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა CHEOPS-მა დედამიწა დატოვა და ორბიტაზე გადაინაცვლა. გაშვება ერთი დღით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ რაკეტაზე აღმოჩენილი ხარვეზის გამო, ბოლო წუთს გადაიდო.

ტელესკოპი შეისწავლის მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების სიმკვრივეს, შემადგენლობასა და ზომებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, CHEOPS-ი დააკვირდება კაშკაშა ვარსკვლავებს, რომელთა გარშემოც უკვე ვიცით, რომ პლანეტები მოძრაობს.

„ CHEOPS-ი ახლა დედამიწიდან 710 კმ სიმაღლეზეა, ზუსტად იქ, სადაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. ეს გახლავთ ნამდვილად გამორჩეული მომენტი ევროპის კოსმოსური კვლევებისა და ეგზოპლანეტების ისტორიაში“, — განაცხადა 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა დიდიე კელომ საფრანგეთის გვიანაში, საიდანაც ტელესკოპი გაუშვეს.

24 წლის წინ, კელომ და მისმა კოლეგა მიშელ მაიორმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც 51 პეგასი b უწოდეს. დღეისათვის კი უკვე 4000-მდე ასეთი პლანეტაა აღმოჩენილი.

გაშვება რუსული რაკეტა „სოიუზით“ მოხდა. თუმცა, ერთი დღით ადრე, ასევე გაშვების დროს, 1 საათითა და 25 წუთით ადრე, რაკეტაში ხარვეზი აღმოაჩინეს, რის გამოც პროცესი მეორე დღემდე გადაიდო.

CHEOPS-ი აკრონიმია და მისი სრული სახელწოდებაა CHaracterising ExOPlanet Satellite. მისი მთავარი დანიშნულებაა ეგზოპლანეტების რაც შეიძლება უკეთესად შესწავლა.

ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პირობების გამოსააშკარავებლად, რომლებიც საჭიროა არამიწიერი სიცოცხლისთვის. ამავე დროს, ამ ყველაფრის გარკვევით ის ნათელს მოჰფენს ჩვენი მშობლიური მზის სისტემის წარმოშობასაც.

თანამგზავრი დედამიწის გარშემო 700 კმ სიმაღლეზე იმოძრავებს და ეგზოპლანეტათა „ოჯახურ ფოტოებს“ გადაიღებს.

ESA-ს მეცნიერებათა დირექტორის, გიუნტერ ჰესინგერის განცხადებით, სიცოცხლის წარმოშობის გასარკვევად პირველ რიგში საჭიროა ეგზოპლანეტების გეოფიზიკის შესწავლა, რაც პირველი ნაბიჯის შედგმას წააგავს საკმაოდ გრძელ კიბეზე.

პირველ მონაცემებს ხომალდი რამდენიმე თვეში გამოაგზავნის.

დატოვე კომენტარი