ეგვიპტეში 20 უძველესი, დალუქული კუბო აღმოაჩინეს
ეგვიპტეში 20 უძველესი, დალუქული კუბო აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ოცზე მეტი ხის კუბო აღმოაჩინეს. ეგვიპტის მთავრობა ამ აღმოჩენას ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილესსა და მნიშვნელოვანს უწოდებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოჩენილთა შორის.

კუბოები ელ-ასასიფის ნეკროპოლისში აღმოაჩინეს, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე.

დალუქული, ხელუხლებელი კუბოების ფოტოები ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. სარკოფაგს, რომელიც მოზრდილ საფლავში ორი ფენის ქვეშ იყო ჩამარხული, ჯერ ისევ შემორჩენილი აქვს სახეებისა და ხელების თავდაპირველი ორნამენტები. წითლად, მწვანედ, თეთრად და შავად შესრულებული ეს ორნამენტები ამდენი ხნის შემდეგაც კი არ გახუნებულა.

ეგვიპტის ხელისუფლება კუბოების ასაკს არ ასახელებს, მაგრამ ადგილი, სადაც ისინი აღმოაჩინეს, ერთ დროს ეკუთვნოდა ძველეგვიპტურ ქალაქ თებეს.

თებე ძველი ეგვიპტის სამეფო დედაქალაქი იყო. Იქ აღმოჩენილი ადრეული მონუმენტები მე-11 დინასტიას ეკუთვნის, რომელიც ძვ. წ. 2081-1939 წლებში ზეობდა.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, დეტალებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეატყობინებენ.

ბოლო დროს ეგვიპტეში არქეოლოგიური გათხრები გამალებით მიმდინარეობს.

გასულ კვირაში, სიძველეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 30 უძველესი სახელოსნო, რომლებშიც მეფეთა ხეობაში არსებული სამეფო საფლავებისთვის დასაკრძალ ავეჯსა და ნივთებს ამზადებდნენ. ცნობილია, რომ ამ სასაფლაოზე მე-18 — მე-20 დინასტიის ფარაონებს მარხავდნენ.

არქეოლოგებმა იპოვეს კერამიკისა და მეტალის გამოსაწვავი ღუმელი, რომელშიც ასევე აღმოაჩინეს ისეთი ნივთები, როგორებიცაა ვერცხლის ბეჭდები და ოქროს ფოლგები. Ეს სახელოსნოები ძვ. წ. 1539-1292 წლებით თარიღდება.

სახელოსნოების აღმოჩენა სრულიად ახალ გზას ხსნის სამეფო კუბოებისა და დასაკრძალი ავეჯის წარმოებისას გამოყენებული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების შესასწავლად. გარდა ამისა, მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ გაარკვიონ ისიც, როგორი იყო ამ სახელოსნოებში მოფუსფუსე მუშების ყოველდღიური ცხოვრება.

მეფეთა ხეობაში არქეოლოგიური გათხრები 2017 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დედოფალ ნეფერტიტისა და მისი ქალიშვილის, ფარაონ ტუტანხამონის ქვრივის საფლავების პოვნა.

არქეოლოგები ასევე ეძებენ სამი დიდი ფარაონის — რამზეს VIII-ის, თუტმოს II-ისა და ამენჰოტეპ I-ის სამარხებს. დედოფლების საფლავების ძებნა მიმდინარეობს დედოფალთა ხეობის სამარხებშიც.