ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იმატებს, უდიდეს სანაპირო ქალაქებს დატბორვა ემუქრება
ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იმატებს, უდიდეს სანაპირო ქალაქებს დატბორვა ემუქრება

გრენლანდიისა და ანტარქტიდის მყინვარული საფარი დნება. მეცნიერებმა ამის შესახებ უკვე წლებია, მაგრამ მხოლოდ ახლახან გააანალიზეს, რამდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი.

გრენლანდიის ყინული ახლა ექვსჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 40 წლის წინ. იქ წელიწადში 286 მილიარდი ტონა ყინული დნება.

1980-იან წლებში ანტარქტიდა ყოველწლიურად 40 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა. ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი წელიწადში 252 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა იუწყება, რომ აჩქარებული დნობის შედეგად გამოწვეულ ზღვის დონის მატებას შესაძლოა, კაცობრიობისთვის სერიოზული შედეგები ჰქონდეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც მომდევნო 80 წლის განმავლობაში პლანეტაზე ტემპერატურა 5 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, ზღვის დონე 1,98 მეტრით აიწევს.

ავტორთა გათვლებით, ასეთ შემთხვევაში, 2100 წლისთვის წყალი დაფარავს მრავალ სანაპირო ქალაქს, მათ შორის ნიუ-იორკსა და შანხაის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს 187 მილიონ ადამიანს.

გრენლანდიის მყინვარული საფარის მთლიანი ზომა 1,7 მილიონი კვადრატული კილომეტრია და ტეხასზე თითქმის სამჯერ მეტ ტერიტორიას ფარავს. აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის მიხედვით, ანტარქტიდის მყინვარულ საფართან ერთად, შეიცავს მსოფლიოს მტკნარი წყლის 99 პროცენტზე მეტს.

წყლის უმეტესობა ყინულისა და თოვლის მასების სახით არის გაყინული, რომლის სისქეც ზოგან 3 კილომეტრს აღწევს. თუმცა, ადამიანთა საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სულ უფრო მეტი სათბურის აირი ადის. ამ აირთა მიერ მომწყვდეული ჭარბი სიცხის 93 პროცენტს ოკეანე შთანთქავს.

გამთბარი ჰაერი და წყალი მყინვარული საფარის უპრეცედენტო მაჩვენებლით დნობას იწვევს.

2013 წელს, გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი პროგნოზირებდა, რომ ნახშირბადის გამოყოფის ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2100 წლისთვის ზღვის დონე 97 სანტიმეტრით მოიმატებდა.

ახალი კვლევის პროგნოზი კი გაეროს 2013 წლის შეფასებას მაჩვენებლით ორჯერ აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შანსი დაახლოებით 5 პროცენტია, კვლევის ავტორები იუწყებიან, რომ სავსებით შესაძლებელია, 2100 წლისთვის გლობალური ოკეანის დონემ 1,98 მეტრით მოიმატოს.

ავტორთა ცნობით, თუკი ზღვის დონე მართლაც 1,98 მეტრით აიწევს, დაიკარგება 1,8 მილიონი კვადრატული კილომეტრი ხმელეთი.

ეს ტერიტორია დიდია, ვიდრე ერთად აღებული საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

ამ შემთხვევაში დაიტბორება ისეთი დიდი სანაპირო ქალაქები, როგორებიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი. მთლიანად გაქრება წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები, მაგალითად ვანუატუ.

ავტორები ასევე იუწყებიან, რომ დიდი ოდენობით ხმელეთი დაიკარგება საკვების წარმოების კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მაგალითად ნილოსის დელტაში.

საერთო ჯამში, საკუთარი სახლების დატოვება მოუწევს მსოფლიო მოსახლეობის 2,5 პროცენტს.

კვლევის ავტორის, ჯონათან ბამბერის განცხადებით, ამ შემთხვევაში, საცხოვრებლის შეცვლა დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს მოუწევს, რამაც შეიძლება სერიოზული სოციალური ძვრები გამოიწვიოს.

მომზადებულია BBC-სა და Business Insider-ის მიხედვით.