„ვოიაჯერის“ ხომალდებმა მზის სისტემის კიდეზე მოსალოდნელზე მაღალი წნევა დააფიქსირეს
„ვოიაჯერის“ ხომალდებმა მზის სისტემის კიდეზე მოსალოდნელზე მაღალი წნევა დააფიქსირეს

„ვოიაჯერის“ მისიის ხომალდების მიერ გამოგზავნილი მონაცემების გამოყენებით, ნასას ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე მოხტუნავე ნაწილაკთა წნევა გაზომეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დედავარსკვლავის ამ შორეულ საზღვართან წნევა იმაზე მაღალია, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჯემი რანკინის განცხადებით, შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ იქ არსებობს წნევის გარკვეული სხვა ნაწილები, რომლებსაც აქამდე მხედველობაში არ ვიღებდით, მაგრამ შესაძლოა, ისინი რაღაც როლს ასრულებენ.

შესაძლებელია, რომ იქ ნაწილაკთა მთელი ისეთი პოპულაციაა, რომლებსაც აქამდე არ ვითვალისწინებდით. შეიძლება, იქ იმაზე მეტად ცხელა, ვიდრე გვეგონა. შემდგომი კვლევებისთვის მეცნიერებს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა საკმაოდ საინტერესოა, მეცნიერებისთვის გაცილებით მომაჯადოებელია ამ აღმოჩენის მეთოდი.

როდესაც მზიდან პლაზმის სახით გამოიყოფა მზის ქარი, წარმოქმნის „ბუშტს“, რომელსაც ჰელიოსფეროს ვუწოდებთ. მზიდან 14 მილიარდი კილომეტრის მოშორებით, ეს ქარი თანდათან ორთქლდება, რადგან დამუხტული ნაწილაკები სწრაფად ანელებენ ინფრაბგერით სიჩქარეს.

ამ ბუშტის კიდეს ჰელიოგარსი ეწოდება და წარმოადგენს ზონას, სადაც მზიდან წამოსულ დამუხტულ ნაწილაკთა სიმკვრივე იკლებს, სუსტდება მაგნიტური ველებიც.

ამ უწესრიგო საზღვრის მიღმა არის თხელი გარსი, რომელსაც ჰელიოპაუზა ეწოდება. იქ მზიდან წამოსული პლაზმა თანდათან უჩინარდება და დომინანტი ხდება ჩვენი გალაქტიკური სამეზობლოს გავლენა, რადგან ჩვენი მზე სწორედ იმ სივრცეში მოძრაობს.

ამ „პაუზაში“, შიგნით მოიწევს ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი სივრცის წნევა, რომელსაც ჰელიოგარსი კვლავ გარეთ უბიძგებს და ხდება დაბალანსება. ამ პროცესის დეტალური სურათის დახატვა არც ისე იოლი საქმეა. შეფასებისათვის შესაძლებელია მოდელების შექმნა, მაგრამ აშკარა მტკიცებულებებს არაფერი სჯობს.

საბედნიეროდ, მზის სისტემის ამ ნაწილს ამჟამად ჩვენი ორი ხომალდი მიაპობს.

ხომალდი „ვოიაჯერ 1“ ახლა მზიდან დაახლოებით 20 მილიარდ კილომეტრში იმყოფება, რომელიც უკვე შესულია სიცარიელეში, რომელსაც ჩვენ ვარსკვლავთშორის სივრცეს ვუწოდებთ. მზის სისტემას ამჟამად ტოვებს მისი კოლეგა, ხომალდი „ვოიაჯერ 2“-იც.

არც ერთ მათგანს არ გააჩნია პირდაპირი ხერხი, რომელიც ბევრ რამეს გვეტყოდა ამ ზონაში სივრცის წნევის შესახებ, მაგრამ ამის დიდი შანსი მოგვცა მზის ბოლოდროინდელმა ამოფრქვევამ, როდესაც „ვოიაჯერ 1“ იმყოფებოდა სივრცეში, რომელსაც გლობალურად შერწყმული ურთიერთქმედების რეგიონს (GMIR) უწოდებენ.

რანკინის განცხადებით, ეს მოვლენა მართლაც უნიკალურად დაემთხვა მომენტს, როცა „ვოიაჯერ 1“-მა ის ის იყო ადგილობრივ ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა.

მისი თქმით, ამ მოვლენის შესახებ „ვოიაჯერის“ მიერ შეგროვებულ მონაცემებზე მუშაობით ასევე შეგვიძლია გავარკვიოთ, როგორ იცვლება პროცესები ჰელიოგარსსა და ვარსკვლავთშორის სივრცეში დროთა განმავლობაში.

მზის აქტივობა კოსმოსში ერთგვარ „დაყვირებას“ ჰგავს. ამ დროს, შორეულ მანძილებზე გრუხუნით იგზავნება ნაწილაკთა პულსები. ამ „ყვირილმა“ 2012 წელს ჭავლივით გაიარა ჰელიოგარსში, სადაც ის „ვოიაჯერ 2“-მაც დაიჭირა და მოუსმინა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, მისი ეფექტები შეიგრძნო „ვოიაჯერ 1“-მაც.

დაკვირვებათა თითოეული კამპანიის მონაცემთა საფუძველზე, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ მზის სისტემის კიდეზე წნევა 267 ფემტოპასკალია (ფემტო უდრის 10−15), რაც წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია დედამიწაზე არსებულ ატმოსფერულ წნევასთან შედარებით.

მიუხედავად ასეთი მცირე რიცხვისა, მკვლევრები მაინც გაოცებული დარჩნენ.

რანკინის განცხადებით, წნევის ეს მაჩვენებელი მაინც მეტია წინა კვლევების შედეგად დადგენილ მაჩვენებელთან შედარებით.

ჯგუფმა ასევე გამოთვალა ამ სივრცეში გამავალ ბგერის ტალღათა სიჩქარე — 314 კმ წამში, რაც ათასჯერ სწრაფია დედამიწის ატმოსფეროში ბგერის მოძრაობის სიჩქარეზე.

მეცნიერებს წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ. ამ ზონაში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული მაღალი სიჩქარის ნაწილაკების, კოსმოსური სხივების ინტენსივობა. ის ფაქტი, რომ თითოეულმა ზონდმა ორ სხვადასხვა გზაზე ერთი და იგივე რამ დააფიქსირა, ასტროფიზიკოსებს ამოსახსნელად კიდევ ერთ საიდუმლოს სთავაზობს.

ჯემი რანკინის განცხადებით, გაურკვეველი რჩება, რატომ არის კოსმოსური სხივების ცვლილება განსხვავებული ჰელიოგარსის შიგნით და გარეთ.

მართალია, „ვოიაჯერის“ ხომალდები უკვე საკმაოდ ძველია, მაგრამ მათთან კონტაქტი დღემდე არსებობს და ისინი დღემდე აგრძელებენ კვლევას იმ ხელსაწყოებით, რაც გააჩნიათ.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი