ხომალდმა Voyager 2-მა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა
ხომალდმა Voyager 2-მა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager 2-მა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა.

ხომალდი, რომელმაც დედამიწა 1977 წელს დატოვა და მას შემდეგ კოსმოსში მიჰქრის, მეორე ხელოვნური ობიექტი გახდა, რომელიც ჩვენს გალაქტიკურ სამეზობლოში შევიდა.

პირველად ვარსკვლავთშორის სივრცეში 2012 წელს, მისმა ტყუპისცალმა Voyager 1-მა შეაბიჯა.

Voyager 2 ამჟამად მზისგან 17,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება, შესაბამისი ინსტრუმენტებით აგროვებს და დედამიწაზე აგზავნის მონაცემებს ჯერ უხილავი სივრცის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია სინათლის სიჩქარით ვრცელდება, ხომალდიდან წამოსული მონაცემები (და პირიქით) დედამიწაზე 16,5 საათის შემდეგ მოდის.

მზის სისტემის დატოვების ამბავში NASA მას შემდეგ დარწმუნდა, რაც გაარკვია, რომ ხომალდის ინსტრუმენტები ვეღარ აფიქსირებენ მზისგან წასული პლაზმის ნაწილაკებს. ეს დინება, ანუ მზის ქარები წარმოქმნის ერთგვარ ბუშტს, რომელსაც ჰელიოსფერო ეწოდება. ჰელიოსფერო მოიცავს მზეს, სისტემის ყველა პლანეტასა თუ სხეულს და წარმოადგენს მზის სისტემის საზღვარს.

NASA-ს განცხადებით, Voyager 1-ისა და Voyager 2-ის მიერ გამოგზავნილ მონაცემებში ყველაფერი ახალია, რადგან ისინი მიაპობენ სივრცეს, სადაც ამ დრომდე არც ერთი ხომალდი არ ყოფილა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მონაცემების საფუძველზე უკეთესად შეისწავლიან ვარსკვლავთშორის სივრცეს.

ვარსკვლავთშორის სივრცესთან მიღწევა ნამდვილად საგმირო საქმეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე Voyager-ი ბოლოსდაბოლოს იფრენენ ვარსკვლავებს შორის არსებულ სივრცეში, სადაც მათზე უკვე აღარ მოქმედებს მზის ქარები. ხომალდები გალაქტიკის ცენტრის გარშემო მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებენ.

დამატებით დეტალებზე Voyager 2-ის მოგზაურობის შესახებ NASA-ს მეცნიერები დღეს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.