NASA მზის სისტემის სხეულების მიერ გამოყოფილ „ხმებს“ აქვეყნებს — #1tvმეცნიერება
NASA მზის სისტემის სხეულების მიერ გამოყოფილ „ხმებს“ აქვეყნებს — #1tvმეცნიერება

კოსმოსის სიცარიელეში სრული სიჩუმეა გამეფებული. იქ, სადაც ატომები ერთმანეთისგან იმდენად შორსაა, რომ ბგერის ტალღების გავრცელება შეუძლებელია, ნებისმიერი ხმაური დაწყებამდე ჩაიხშობა.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხმის ამოღება შეუძლებელია. უფრო მეტიც, მხოლოდ ამის მოსმენა რომ შეგვეძლოს, გავიგებდით, როგორ გამოსცემს მზის სისტემის ზოგიერთი სხეული ყრუ ხმაურს.

ეს შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, გადავაკონვერტიროთ მათ გარშემო მოტრიალე პლაზმის ტალღები. პლაზმის ტალღები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ელექტრონები დიდი ობიექტების, მაგალითად, პლანეტების მაგნიტური ველის ხაზებში იჭედება და მათი მიმართულებით სპირალურად მიედინება.

თუკი პლაზმის ტალღები სიხშირეებს ბგერად გარდავქმნით, მათი საზარელი ხმის მოსმენასაც შევძლებთ.

მზის სისტემის თითოეულ სხეულს საკუთარი ხმები აქვს. მაგალითად, მზეს, რადგან მის ზედაპირზე გამუდმებით ამოდის და ჩადის ე. წ. კონვექციური უჯრედები, რომელთა ზომაც ტეხასის შტატისას აჭარბებს.

მეცნიერთა შეფასებით, კოსმოსში რომ ბგერები ვრცელდებოდეს, მუდმივად მოგვესმებოდა მზის ღრიალი, რომელიც ჩვენს ყურს 100 დეციბელით „დაარტყამდა“.

კოსმოსის ხმები პირველად 1932 წელს ჩაიწერა ასტრონომმა კარლ იანსკიმ.

მან მბრუნავი რადიოტელესკოპი ააგო, რომელსაც რადიოტალღების კონკრეტულ სიხშირეთა დიაპაზონის დაფიქსირება შეეძლო. მონაცემებში გამოვლინდა მუდმივი შიშინი, რომლებიც, როგორც იანსკიმ დაადგინა, სულაც არ იყო შემთხვევითი ხმაური და წარმოადგენდა თავად გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრის ხმას.

1957 წლიდან, როდესაც კოსმოსში თანამგზავრების გაშვება დავიწყეთ, ხელში ჩაგვივარდა უფრო მეტი მონაცემი, რომლებსაც ამ ხომალდების ინსტრუმენტები აგროვებდნენ.

მათ შორის იყო სინათლის ჩვენთვის უხილავ ფორმათა დასაჭერად შექმნილი ინსტრუმენტები და მზის სისტემის პლანეტათა გარშემო, ქაოსურ გარემოში პლაზმის ტალღების დასაფიქსირებელი მოწყობილობები.

რადიოტალღები ბგერა არ არის; წარმოადგენს სინათლის ფორმას, რომელშიც შეიძლება ჩაიშიფროს ბგერის მონაცემები.  სწორედ ამ პრინციპით მუშაობს მობილური ტელეფონები. თუ მათ მიმღებით დავიჭერთ, შეგვიძლია უკან, კვლავ ბგერებად გარდავქმნათ. ელექტრომაგნიტური ტალღების ბგერებად გარდაქმნის ტექნოლოგია დღეს საკმაოდ კარგად არის დამკვიდრებული.

უფრო მეტიც, მოსმენილი გვაქვს ისეთი რადიოტალღებიც, რომლებიც მეცნიერებმა სიტყვებად გადათარგმნეს. ეს გახლდათ დედამიწიდან კოსმოსში გასული რადიოტალღები, რომლებმაც დაამტკიცა, რომ ინსტრუმენტთა მიერ შეგროვებული მონაცემები ზუსტია.

პლანეტების გარშემო მოტრიალე პლაზმის ტალღები უცნაურ ხმებს წარმოქმნის.

დედამიწის ხმები ჩიტის ან ვეშაპისას ჰგავს. სატურნი, თავისი კომპლექსური სისტემით, 1950-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საშინელებათა ფილმის საუნდტრეკის ხმებს გამოსცემს.

კომპლექსური ხმები თვით იუპიტერის მთვარეებსაც კი აქვს. ევროპასა და განიმედეს მიერ გამოყოფილი პლაზმის ბგერები რობოტის ხმას წააგავს. აბსოლუტურად საოცარია იუპიტერის მძლავრი, ულტრაიისფერი ციალის ხმები.

მარსს დიდი მაგნიტური ველი არ აქვს, მაგრამ ვიცით, როგორი ხმა აქვს მის ქარებს. ეს ჩაწერლი აქვს როგორც InSight-ს, ისე მავალ „პერსევერანსს“.

გარდა მზის სისტემისა, მეცნიერებს სინათლე ბგერებად შორეული კოსმოსის შემთხვევაშიც აქვთ გარდაქმნილი. ამის საფუძველზე, მათ ისეთი დეტალების აღმოჩენა შეუძლიათ, რომლებიც შეიძლება სხვაგვარად გამოგვრჩენოდა. თუ გსურთ, თავი მართლა უმნიშვნელო არსებად იგრძნოთ, შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენგან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის ხმას.

ყველა ასეთ სონიფიკაციას NASA-მ საკუთარ ვებგვერდზე ერთ სიაში მოუყარა თავი. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ YouTube არხს Space Audio, რომელსაც აიოვის უნივერსიტეტის სტუდენტი მოხალისე ამუშავებს.