რატომ არის ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS-ი უცნაური და რატომ არ არის არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი — #1tvმეცნიერება
29 ოქტომბერს, კომეტა 3I/ATLAS-მა თავის ორბიტაზე მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილს მიაღწია.
ეს წერტილი, რომელსაც პერიჰელიონს უწოდებენ, მზისგან 210 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა, ანუ 1,4-ჯერ უფრო შორს იყო, ვიდრე დედამიწაა დაშორებული მზისგან. თუმცა, იმ მომენტში კომეტა მზის მეორე, ჩვენგან საპირისპირო მხარეს იმყოფებოდა.
ამის გამო, ჩვენ კომეტას ვერ ვხედავდით, რადგან მზე ფარავდა. თუმცა, ახლა მისი დაფიქსირება ტელესკოპებით კვლავ შესაძლებელია.
ეს კომეტა მზის სისტემაში შემოჭრილი მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც კაცობრიობამ დააფიქსირა.
პირველად ის 2025 წლის 1 ივლისს დააფიქსირა ასტეროიდებზე დამკვირვებელმა სისტემა ATLAS-მა. მალევე გაჩნდა მოსაზრებები, რომ ის შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი ყოფილიყო, ოღონდ კომეტის სახით შენიღბული.
ახალ ასტრონომიულ აღმოჩენათა კონტექსტში, არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ კითხვები ხშირად ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეთი მოსაზრებები არასერიოზულად მოგეჩვენოთ, ხშირად საქმე ასეც არაა, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს კარგ სამეცნიერო საქმიანობას და ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.
არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ ასეთივე სპეკულაციები გაჩნდა წინა ორი ვარსკვლავთშორისი ობიექტის შესახებაც — 1I/2017 U1 ‘ოუმუამუას და კომეტა 2I/ბორისოვის.
თანაც, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ვარსკვლავთშორის ობიექტების შესახებ არ ჩნდება.
1967 წელს, დოქტორანტმა სტუდენტმა ჯოსელინ ბელ ბერნელმა სარიოსინათლის სწრაფად განმეორებადი ნათება დააფიქსირა.
ხუმრობით მან აღმოჩენას „პატარა მწვანე კაცი“ უწოდა, მაგრამ ცხადია, ამ საკითხზე მომუშავე ასტრონომებს სინამდვილეში არ სჯეროდათ, რომ მათ უცხოპლანეტელები აღმოაჩინეს. როგორც შემდეგში გაირკვა, ბერნელმა მაშინ პირველმა აღმოაჩინა პულსარი. თუმცა, ისინი შიშობდნენ, რომ მედიაში გავრცელდებოდა უცხოპლანეტელების აღმოჩენასთან დაკავშირებული სენსაციონისტური ცნობები, რაც ხელს შეუშლიდა სამეცნიერო კვლევებს.
ასეთი შიშები ასტრონომებში დღემდე შემორჩა.
კომეტა 3I/ATLAS-ი ალბათ ყველაზე ძველი რამ არის, რაც კი ოდესმე გვინახავს მზის სისტემაში. ჩვენი მზის სისტემა დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ გაჩნდა და როგორც ახალი კვლევები მიუთითებს, კომეტა 3I/ATLAS-ი სავარაუდოდ შვიდი მილიარდი წლის ან უფრო ძველია.
მან სამყაროში ძალიან დიდხანს იხეტიალა, ვიდრე სულ რამდენიმე თვით შემოიჭრებოდა მზის სისტემაში. როცა მან პერიჰელიონს მიაღწია, ალბათ ეს ვარსკვლავთან მიახლოების ყველაზე ახლო წერტილი იყო სულ მცირე ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კომეტას გარე შრეებში იმაზე მეტი ნახშირორჟანგი აქვს, ვიდრე მზის სისტემაში არსებულ კომეტათა უმეტესობას. ასევე აქვს ნიკელის უფრო მაღალი პროპორცია სხვა ელემენტებთან მიმართებაში, ვიდრე სხვა ადგილობრივ კომეტებს.
ასეთი ქიმიური ხელწერა უნიკალურ ცნობებს გვაწვდის გაზის იმ ღრუბლის ქიმიური შემადგენლობის შესახებ, რომლისგანაც ის ვარსკვლავური სისტემა დაიბადა, საიდანაც ეს კომეტა მოვიდა.
სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ უცხოპლანეტელთა შესახებ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა შესაძლო ახსნა ამოიწურება. როდესაც პირველ რიგში უცხოპლანეტელებზე ვსაუბრობთ, შეიძლება გამოგვრჩეს ასეთი საოცარი ინფორმაცია.
როგორც ასტრონომი კარლ სეიგანი ამბობდა, „არაჩვეულებრივი პრეტენზიები არაჩვეულებრივ მტკიცებულებებს მოითხოვს“.
მართალია, კომეტის ყოველი დეტალის სრულად ახსნა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ყველაფრის არცოდნა უცხოპლანეტელების მტკიცებულება არ არის.
არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ საუბარი სივრცეს ტოვებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
მაგალითად, ზოგი საუბრობდა კომეტა 3I/ATLAS-ის ტრაექტორიის ცვლილებაზე და მზის უკან „დამალვაზე“. არ არსებობს ამის მტკიცებულება, რაც აჩვენებს, რამდენად ადვილია დეზინფორმაციის გაჩენა და გავრცელება, როცა საქმე უცხოპლანეტელების თემას ეხება.
არსებობს კომეტის დანახვის გზები მაშინაც, როცა ის მზის მეორე მხარესაა მოქცეული. მაგალითად, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მასზე დაკვირვებას გეგმავს მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრებიდან — Mars Express-დან, ExoMars Trace Gas Orbiter-დან და იუპიტერის სისტემისკენ გაგზავნილი ხომალდიდან (Juice).
თუკი გსურთ, რომ ნახოთ კომეტა 3I/ATLAS-ის ტრაექტორია და გაარკვიოთ, სად იმყოფება ის ამ მომენტისთვის, ეს ახლავე შეგიძლიათ.
ამ კომეტის და ზოგადად, სამყაროს შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით. ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ასტრონომის პროფესია, როცა უკვე ყველაფერი ვიცით. როცა რაღაც არ ვიცით, ადამიანებს გვიყვარს, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი.
ასტრონომიული საიდუმლოების შემთხვევაში, ცოდნაში არსებული ასეთი ნაპრალების ამოვსების საუკეთესო გზა ზოგისთვის უცხოპლანეტელებია.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.