უკვე ვიცით, რომ ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS განსხვავდება მზის სისტემაში დაფიქსირებული წინა ორი სხვა ვარსკვლავთშორისი ობიექტისგან, მაგრამ როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, ის შეიძლება იმაზე უცნაური იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
მზის სისტემაში, მზის მიმართულებით გადაადგილებისას, ობიექტი გადაიღეს NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინსტრუმენტებმა — ჰაბლმა, SPHEREx-მა, ჯეიმს ვებმა და TESS-მა. შედეგები აჩვენებს, რომ 3I/ATLAS-ის ზედაპირიდან აირები იქამდე დიდი ხნით ადრეც ამოდიოდა, ვიდრე შევნიშნავდით და ამავე დროს, მის ატმოსფეროს (კომა) იმაზე მაღალი პროპორციით აქვს ნახშირორჟანგი, ვიდრე როგორც წესი, მეცნიერები ხედავენ ხოლმე კომეტებსა თუ ვარსკვლავთშორის ობიექტებში.
ამან შეიძლება რაღაც გვითხრას იმ გარემოს შესახებ, რომელშიც 3I/ATLAS წარმოიქმნა, იმ სივრცის შესახებ, რომელშიც ჩვენამდე მოსვლამდე გამოიარა, ანდაც კომეტის წიაღის შემადგენლობის შესახებ.
კომეტამ ყურადღება პირველად 2025 წლის 1-ელ ივლისს მიიპყრო და მას შემდეგ, ასტრონომები აქტიურად აკვირდებიან — სულ მცირე იმიტომ, რომ მასზე დაკვირვებისთვის დროის ძალიან პატარა ფანჯარა აქვთ. მზესთან ყველაზე ახლო მანძილზე (პერიჰელიონი) ის 29 ოქტომბერს მივა. ვინაიდან მზის მეორე, დედამიწისგან საპირისპირო მხარესაა, იმ დროისათვის დაიმალება, ვარსკვლავის სინათლე დაჩრდილავს.
ამიტომ, დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო პერიჰელიონის დადგომამდეა და მეცნიერებიც თავს არ ზოგავენ — აკვირდებიან მათ ხელს არსებული უმძლავრესი ხელსაწყოებით. ამ შემთხვევაში, შეისწავლეს ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის, TESS-ის ის მონაცემები, რომლებიც მას ამ კომეტის აღმოჩენამდე ჰქონდა შეგროვებული.
ასე დაადგინეს, რომ 3I/ATLAS პირველად მაისში დაფიქსირდა, ოფიციალურ აღმოჩენამდე ორი თვით ადრე. კომეტა იმაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე TESS-ს შეუძლია შესწავლა; ამიტომ, მკვლევრებმა მონაცემებში მის გამოსავლენად სხვა მეთოდებს მიმართეს.
სწორედ აქ დაიწყო საინტერესო ამბები. TESS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ იმ დროისათვის კომეტა მზისგან 6 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, იუპიტერის ორბიტის გადაღმა იმყოფებოდა და უკვე აქტიური იყო. ეს მანძილი მოსალოდნელზე გაცილებით დიდია — კომეტათა უმეტესობა აქტივობას მზისგან 5 ასტრონომიულ ერთეულზე შორს არ იწყებს.

აქტიურს უწოდებენ კომეტას, რომელიც საკმარისად არის გამთბარი, რომ მის ზედაპირზე და ზედაპირქვეშ არსებული ყინულები აორთქლდეს — მყარიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადავიდეს (სუბლიმაცია). ასე წარმოიქმნება კომა და თანდათან, თუკი კომეტა მზესთან საკმარისად ახლოს მივა, რომ საქმეში რადიაციის წნევაც ჩაერთოს — ჩნდება კომეტის კუდი.
რეცენზირებამდელ პუბლიკაციაში, მკვლევრები, რომლებმაც აღმოჩენა TESS-ის მონაცემებით გააკეთეს, ამბობენ, რომ კომეტის ასე ადრე გააქტიურების მიზეზი შეიძლება მისი შემადგენლობა იყოს. ზოგი ყინული სხვებზე უფრო ადვილად ორთქლდება და მათ შორის ერთ-ერთია ნახშირორჟანგის ყინული.
ეს ორმა ტელესკოპმა დაადასტურა ორი სხვადასხვა ინსტრუმენტით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაზომვების საფუძველზე. 2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, NASA-ს ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა SPHEREx-მა კომეტას მრავალსპექტრული დაკვირვებები ჩაუტარა მზისგან 3,3 და 3,1 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. მკაფიოდ გამოვლინდა, რომ მისი კომა მდიდარია ნახშირორჟანგით და წყლით.
მაშინ ჭავლები და კუდები არ დაფიქსირებულა, კომას რადიუსი კი 23 კილომეტრი იყო, რაც მიუთითებს, რომ მისი წარმოქმნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. ჰაბლის მიერ ჩატარებული გაზომვების თანახმად, თავად კომეტის რადიუსი დაახლოებით 2,8 კილომეტრია.
ამას ადასტურებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული გაზომვებიც, რომელიც კომეტას მზისგან 3,32 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან დააკვირდა აგვისტოს დასაწყისში. მისი მონაცემები მიუთითებს, რომ ნახშირორჟანგი და წყალი კომაში 8 X 1 პროპორციით არის. ეს გახლავთ ნახშირორჟანგის ყველაზე მაღალი პროპორცია, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ რომელიმე კომეტაში.
ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
„ჩვენი დაკვირვებები თავსებადია ნახშირორჟანგით (CO2) მდიდარ ბირთვთან, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ 3I/ATLAS-ი შეიცავს ყინულებს, რომლებიც მზის სისტემის კომეტებთან შედარებით უფრო მაღალი დონის რადიაციის ზემოქმედების ქვეშ არის, ანდაც იმას, რომ ის მშობლიურ პროტოპლანეტურ დისკოში წარმოიქმნა CO2-ის ყინულის ხაზის სიახლოვეს“, — წერენ მკვლევრები.
კომეტის შესახებ უფრო მეტს მხოლოდ მეტი მონაცემის შეგროვების შემდეგ შევიტყობთ. როგორც ზემოთ მოცემულ ანიმაციაში ხედავთ, მას ისეთი ტრაექტორია აქვს, რომ დედამიწასთან მიმართებაში მზის მეორე მხარეს მოექცევა, მაგრამ მზესთან ყველაზე ახლო მანძილზე ყოფნისას (პერიჰელიონი), შეიძლება მარსთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდეს, რათა წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდებმა მასზე დაკვირვება შეძლონ.
პერიჰელიონის შემდეგ, ყველაფერი კიდევ უფრო ამაღელვებელი გახდება. ამ დროს კომეტა მზის სისტემის დატოვების გზას დაადგება და დედამიწასაც მოუახლოვდება. მომდევნო წლის მარტში ჩაუვლის იუპიტერს, სადაც შეიძლება ხომალდმა ჯუნომაც შეძლოს გადაღება.
Hubble-ის, TESS-ის, SPHEREx-ისა და JWST-ის მონაცემების გამოყენებით ჩატარებული კვლევები ჯერ რეცენზირებული არ არის და ცალ-ცალკე პუბლიკაციების სახითაა ხელმისაწვდომი სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



