დაფიქსირებულია მზის სისტემაში შემოჭრილი კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი ობიექტი — #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია მზის სისტემაში შემოჭრილი კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი ობიექტი — #1tvმეცნიერება

ასტრონომები ადასტურებენ მზის სისტემაში შემოჭრილი მორიგი ვარსკვლავთშორისი ობიექტის აღმოჩენას; ეს მესამე ასეთი ობიექტია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, მაგრამ მეცნიერთა ვარაუდით, წარსულშიც მრავალი იქნებოდა, მაგრამ შეუმჩნეველი დაგვრჩა.

სხვა ვარსკვლავიდან მოსულ ვიზიტორს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრმა 3I/Atlas-ი უწოდა და სავარაუდოდ, ყველაზე დიდია აქამდე დაფიქსირებულთა შორის. მიენიჭა კომეტის კლასიფიკაცია.

„ის ფაქტი, რომ მისი გამოსახულება გარკვეულწილად ბუნდოვანია, მიუთითებს, რომ უფრო ყინული უნდა იყოს, ვიდრე კლდე“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომი ჯონათან მაკდაუელი.

ვიდრე მისი ვარსკვლავთშორისი წარმომავლობა დადასტურდებოდა, ობიექტს A11pl3Z ერქვა და არ წარმოადგენს საფრთხეს დედამიწისთვის.

მზის სისტემაში ღრმად შემოვა, მარსის ორბიტის შიგნით, მაგრამ ჩვენს მეზობელ პლანეტას არ დაეცემა“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ მოისლი.

ასტრონომები ჯერ კიდევ გათვლებს აწარმოებენ, მაგრამ როგორც უკვე ირკვევა, ობიექტი წამში 60 კმ სიჩქარით მოძრაობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზე მეს თავის გარშემო ორბიტაზე ვერ ჩაიჭერს საკუთარი სისტემის კომეტებისა და ასტეროიდების მსგავსად.

მოისლის განცხადებით, მისი ტრაექტორიაც მიუთითებს, რომ ის ჩვენი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავს, მოსულია ვარსკვლავთშორისი სივრციდან, ჩვენი სისტემას დატოვებს და კვლავ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრება.

„ვფიქრობთ, რომ ეს პატარა ყინულის გუნდები ვარსკვლავურ სისტემებთან კავშირითაა წარმოქმნილი. შემდეგში, როცა სხვა ვარსკვლავი ჩაივლის სიახლოვეს, თავის გრავიტაციით ამ ყინულის ბურთებს სისტემიდან განდევნის. შედეგად, ეს ობიექტები მოხეტიალეები ხდებიან და გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ობიექტი გვესტუმრა ახლა“, — ამბობს მაკდაუელი.

ჰავაიზე განთავსებულმა NASA-ს პროგრამა ATLAS-მა ობიექტი 1 ივლისს აღმოაჩინა.

ამჟამინდელი შეფასებით, მისი სიგანე 10-20 კილომეტრია, ყველაზე დიდი, ამ დრომდე დაფიქსირებულ ვარსკვლავთშორის სტუმრებს შორის. თუმცა, თუ ის მართლაც ყინულისაა, შეიძლება უფრო პატარა იყოს, რადგან ყინული უფრო მეტ სინათლეს ირეკლავს.

„ოქტომბრის ბოლოს ის მზესთან უფრო ახლოს მოვა და უფრო აკაშკაშდება. ტელესკოპები წლის ბოლომდე შეძლებენ დაკვირვებას“, — აღნიშნავს მოისლი.

ეს გახლავთ სხვა ვარსკვლავიდან მზის სისტემაში შემოჭრილი მესამე ობიექტი, რომლის დაფიქსირებაც კაცობრიობამ შეძლო.

პირველი, სახელად ოუმუამუა 2017 წელს აღმოაჩინეს. ის იმდენად უცნაური იყო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ავი ლოებს გაუჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი ყოფილიყო. თუმცა, ეს მოსაზრება შემდეგმა კვლევებმა გამორიცხა.

მეორე გახლდათ 2I/Borisov-ი, რომელიც 2019 წელს დააფიქსირეს.

ბრიტანეთის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის ასტრონომის, მარკ ნორისის განცხადებით, ახალი, მესამე ობიექტი წინა ორზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს. ამჟამად იუპიტერიდან დაშორებულია მანძილით, რაც დედამიწასა და იუპიტერს შორისაა.

ნორისის განცხადებით, როგორც მოდელირება მიუთითებს, ნემიბისმიერ მოცემულ მომენტში, მზის სისტემაში 10 000-მდე ვარსკვლავთშორისი ობიექტი უნდა დაჰქოდეს, მაგრამ ჩვენ მიერ აღმოჩენილებზე გაცილებით პატარები.

თუ მართლაც ასეა, ახლად ამუშავებულმა ვერა რუბინის ობსერვატორიამ სულ მცირე თვეში ერთი მათგანი მაინც უნდა დააფიქსიროს.

მოისლის აზრით, ახალ ობიექტთან შესახვედრად შესაძლებელია ხომალდის გაგზავნა, რაც მზის სისტემის გარედან მოსული რაღაც ობიექტის პირდაპირ შესწავლის უნიკალურ შანსს იძლევა.

მაგალითად, თუ ასეთ ობიექტზე აღმოვაჩენთ სიცოცხლის პრეკურსორებს, მათ შორის ამინომჟავებს, გაცილებით მეტად დავრწმუნდებით, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები სხვა ვარსკვლავებთანაც არსებობს“, — ამბობს ნორისი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.