მზის სისტემაში შემოჭრილი ობიექტი ოუმუამუა არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი არ აღმოჩნდა
მზის სისტემაში შემოჭრილი ობიექტი ოუმუამუა არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი არ აღმოჩნდა

სიგარის ფორმის უცნაური კოსმოსური კლდის ნამსხვრევი, ვარსკვლავთშორისი ობიექტი სახელად ოუმუამუა მზის სისტემაში ძალიან შორიდან მოვიდა. ახალი ანალიზების შედეგად ირკვევა, რომ ის სულაც არ არის არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობდა.

მართალია, ახლოდან კვლევის გარეშე ამის დარწმუნებით მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ამ ობიექტის შესახებ ჩატარებული დაკვირვებების საგულდაგულო ანალიზების შემდეგ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ მის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ოუმუამუას ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს.

ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ შარშან, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ის ვარაუდობდა, რომ სინამდვილეში ეს ობიექტი შეიძლება რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი ყოფილიყო. ამ მოსაზრების შესამოწმებლად სხვა მეცნიერებმა კვლევა დაუყოვნებლივ დაიწყეს.

„მზის სისტემაში ოუმუამუას მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გვინახავს. იგი ნამდვილად იდუმალია. არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდის იდეა მომხიბვლელია, მაგრამ ანალიზები მის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომი მეთიუ ნაითი.

ოუმუამუა ასტრონომებმა პირველად 2017 წლის ოქტომბერში შენიშნეს, როცა მზეს მიუახლოვდა და კვლავ უკან დაიხია, კვლავ მზის სისტემის დატოვება დაიწყო. როგორც გაირკვა, უკვე ასობით მილიონი წელია, რაც ის კოსმოსში უმისამართოდ დაეხეტება.

ერთადერთი, რითაც ის მზის სისტემის სხვა ობიექტებს ჰგავდა, მისი წითელი შეფერილობაა, რაც მის მკვრივ, ლითონებით მდიდარ შემადგენლობაზე მიუთითებს. ასეთი ფერი განპირობებულია ამ შემადგენლობაზე კოსმოსური რადიაციის მოქმედებით.

ოუმუამუა ყოველმხრივ უცნაურია. არის სიგარის ფორმის და სიგრძეში 400 მეტრამდე აღწევს. მსგავსი ფორმა სხვა არც ერთ კომეტასა თუ ასტეროიდში არ შეიმჩნევა.

სვლასთან ერთად, ოუმუამუა ბზრიალებს, გვერდზე დაგორებული ბოთლის მსგავსად. თითქოს ისე ჩანს, რომ ობიექტი არ შეიცავს ყინულს და არ გამოყოფს აირებს, როგორც ამას კომეტა უნდა აკეთებდეს, მაგრამ მის ტრაექტორიას მხოლოდ გრავიტაცია ვერ ხსნის, როგორც ეს ასტეროიდის შემთხვევაში უნდა იყოს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის ერთგვარი ჰიბრიდია, აქვს როგორც კომეტის, ისე ასტეროიდის მახასიათებლები.

მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად მთელი რიგი ასეთი უცნაურობებისა, ოუმუამუა კოსმოსური ხომალდი არ არის.

სავარაუდოდ, ის რომელიღაც ვარსკვლავური სისტემიდან გამოგდებული პლანეტოშენადედია, ანუ პატარა კლდოვანი მასა, რომლისგანაც შემდეგ პლანეტა ყალიბდება. პლანეტათა ფორმაციის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მონაცემებიდან გამომდინარე, ეს კი საკმაოდ ხშირია; სხვა ვარსკვლავებთან და პლანეტებთან გრავიტაციულ ურთიერთქმედებას შეუძლია პლანეტოშენადედი კოსმოსში გატყორცნოს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად გავრცელებულია ასეთი ობიექტები სამყაროში, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ვარსკვლავთშორისი ნამსხვრევები მზის სისტემაში ყოველთვის დაჰქროდა, მაგრამ მათ დაფიქსირებას უბრალოდ ვერ ვახერხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებათა შედეგად არ გამოვლინდა ოუმუამუას მიერ კომეტისთვის დამახასიათებელი აირების გამოყოფა, რაც მის ტრაექტორიას ახსნიდა, არ ნიშნავს, იმას, რომ მას ასეთი აქტივობა არ ახასიათებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკვირვებები არ ჩატარებულა ზოგიერთ ისეთ ტალღის სიგრძეში, რომელიც ამას დაადასტურებდა.

ამჟამად მიმდინარეობს იმდენად მოწინავე ტელესკოპთა მშენებლობა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში მზის სისტემაში კიდევ მრავალი ასეთი ობიექტი დავაფიქსიროთ.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი