არის თუ არა მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი - ასტრონომები კვლევას იწყებენ
არის თუ არა მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი - ასტრონომები კვლევას იწყებენ

ოქტომბრის ბოლოს, მზის სისტემას სტუმრად ეწვია პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი.

ობიექტმა, რომელსაც ოუმუამუა უწოდეს (ჰავაურად შიკრიკი, მაცნე), ასტრონომთა და კოსმოსის ენთუზიასტთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ამჯერად, ისინი აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, შეიძლება თუ არა, რომ ეს ობიექტი სინამდვილეში რომელიმე მოწინავე ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი კოსმოსური ზონდი იყოს.

ამ შესაძლებლობით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსი მილიარდერი იური მილნერი, რომელიც ახორციელებს პროექტს Breakthrough Listen.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ავი ლოებთან შეხვედრის შემდეგ, Breakthrough Listen-ი აანონსებს, რომ ფოკუსურებას მოახდენს ოუმუამუაზე, რათა გაარკვიონ, გამოსცემს თუ არა ეს ობიექტი რადიოსიგნალებს — მოღალატურ ნიშნებს, რომ ის უბრალოდ კოსმოსური ქვის ნატეხი არაა.

მილნერისთვის მიწერილ იმეილში, ლოები აღნიშნავს: „რაც უფრო მეტს ვსწავლობ ამ ობიექტს, ის მეტად უფრო უცნაური ჩანს და ინტერესში მაგდებს, რადგან შეიძლება ის საერთოდაც ხელოვნურად დამზადებული ზონდი იყოს, რომელიც ჩვენკენ რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა“.

ობიექტი პირველად ჰავაიზე განთავსებულმა ტელესკოპმა Pan-STARRS-მა შეამჩნია. ამის შემდეგ, თანდათან გაირკვა ისიც, რომ მას ტიპური ასტეროიდის ან კომეტისთვის არადამახასიათებელი თვისებებიც აქვს. თავდაპირველად ოუმუამუა კომეტა ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს აორთქლებული ნივთიერებებისგან წარმოქმნილი კუდი (კომა).

ასევე განსაკუთრებულია ობიექტის ფორმაც, რადგან მისი სიგრძე ათჯერ აღემატება სიგანეს; ასტეორიდთა უმეტესობა კი მრგვალი ფორმისაა.

13 დეკემბერს, პროექტი Breakthrough Listen-ი ობიექტის მოსმენას გრინ-ბენკის ტელესკოპით დაიწყებს.

ტელესკოპი ასტეროიდს ათი საათის განმავლობაში დააკვირდება რადიოსიხშირის ოთხ სხვადასხვა დიაპაზონში იმის იმედით, რომ დაიჭერს მისგან გამომავალ რადიოსიგნალს.

მეცნიერები კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ ძალიან მცირეა შანსი, ეს ობიექტი ხელოვნური იყოს და არა ბუნებრივად წარმოქმნილი. თუმცა, მეცნიერება არაა მიდრეკილი, იმოქმედოს აბსოლუტური შეუძლებლობის სამეფოში.

„ძნელი იქნებოდა მუშაობა ამ სფეროში, როდესაც ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას აკვირდები, წარმატებისკენ არ მიიღწვი — განცდა, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ძიებისას ძალიან ბევრს ახლავს თან“, — უთხრა The Atlantic-ს არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) დირექტორმა და პროექტ Breakthrough Listen-ის ხელმძღვანელმა ენდრიუ სიმიონმა.

ოუმუამუა SETI-ს ენთუზიასტებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს. მათი აზრით, მზის სისტემაში მისი გამოჩენა პოტენციური არამიწიერი ცივილიზაციის ხელწერას ჰგავს.

ჩვენთან მოვიდა ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან, 95 000 კმ/სთ სიჩქარით.

თავდაპირველად იფიქრეს, რომ იგი ვეგას ორბიტიდან იყო მოსული, მაგრამ იქიდან ამ სიჩქარით ჩვენამდე მოსასვლელად, 300 000 წელი დასჭირდებოდა. 300 000 წლის წინ კი, ვეგა ცაზე სრულიად სხვა ადგილას იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოუმუამუას შეიძლება ვეგა „თვალითაც“ არასდროს უნახავს და უკვე ასობით მილიონი წელიწადია, რაც კოსმოსში მარტოდმარტო დახეტიალობს.

2015 წელს, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა შორეული ვარსკვლავი KIC 8462852, იგივე ტაბის ვარსკვლავი, რომელსაც გარკვეული უცნაურობები, კერძოდ, სინათლის უჩვეულო ჩაბნელებები ახასიათებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამის მიზეზი იქ არსებული მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციაა.

ბევრი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ. აღსანიშნავია, რომ ისინი უფრო შორეულ, ბუნდოვან შესაძლებლობებს ებღაუჭებიან, ვიდრე მტკიცებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ობიექტთა იდუმალებით მოცული სიგნალები ჩვენს ინტერესს სასტიკად აღძრავს, არ უნდა დავიჟინოთ, რომ ერთადერთი პასუხი უცხოპლანეტელებშია.

ჩვენ გარშემო განფენილი სამყაროს შესახებ ჯერ კიდევ წარმოუდგენლად ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და დიახ, გონიერი სიცოცხლე სადმე, უკიდეგანო სამყაროში, შესაძლოა სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყოს, — ჩვენთვის ამ დრომდე მოუხელთებელი ინფორმაცია.

უპრიანია კიდევ უფრო მეტი შევისწავლოთ სამყაროს მექანიკის შესახებ, რაც დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ცნობები მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვხვდით აქ და განვსაზღვროთ ჩვენი მნიშვნელობა კოსმოსურ მასშტაბებში.

ოუმუამუას მარშრუტი მზის სისტემაში

 

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი