მზის სისტემის პირველი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ობიექტი იმაზე გაცილებით საოცარია, ვიდრე გვეგონა
მზის სისტემის პირველი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ობიექტი იმაზე გაცილებით საოცარია, ვიდრე გვეგონა

პირველი ასტეროიდი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას კოსმოსის სხვა რომელიღაც ნაწილიდან ესტუმრა, უჩვეულო მხოლოდ მისი ვარსკვლავთშორისი წარმოშობით როდია.

იგი სრულებით არ ჰგავს ჩვენ მიერ აქამდე ნანახ არც ერთ ასტეროიდს. გასულ თვეში აღმოჩენილი ამ ობიექტისაკენ ასტრონომებმა ტელესკოპთა მთელი არმია მიმართეს და შედეგად, ახლა უკვე ხელთ გვაქვს სუპერ-ამაღელვებელი დეტალები.

ასტეროიდს ოუმუამუა უწოდეს; სიგრძეში 400 მეტრია და აქგს გამოკვეთილად სიგარის ფორმა. ობიექტის სიგრძე ათჯერ მეტია სიგანეზე — ფორმა, რომელიც ასტეროიდებში აქამდე არასოდეს გვინახავს.

ოუმუამუა (ოფიციალური აღნიშვნა 1I/2017 U1 — „I“ აღნიშნავს „ვარსკვლავთშორისს“ ‘interstellar’) პირველად ჰავაიში განთავსებულმა ტელესკოპმა Pan-STARRS 1-მა ოქტომბრის ბოლოს შენიშნა. ასტროფიზიკოსები მალევე მიხვდნენ, რომ როგორც მისი ტრაექტორია და სიჩქარე მიუთითებდა, იგი მზის სისტემაში გარედან იყო შემოჭრილი, შეიძლება სულაც მეზობელი ვარსკვლავის მიერ ყოფილიყო გამოტყორცნილი.

მაგრამ მის შესახებ კიდევ რჩებოდა რაღაც უცნაური. თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებდა, რომ იგი კომეტა იყო, მაგრამ შემდგომმა დაკვირვებებმა ვერ გამოავლინა კომეტებთან დაკავშირებული ვერანაირი მახასიათებელი, შესაბამისად, მას ასტეროიდის კატეგორია მიენიჭა: პირველი შემთხვევა, როდესაც კომეტის კატეგორია ასტეროიდით შეიცვალა.

მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი უცნაურობა ოუმუამუას შესახებ. როგორც თავდაპირველმა გათვლებმა აჩვენა, ასტეროიდი მოსულია ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მოძრაობს უკიდურესად მაღალი, 95 000 კმ/სთ სიჩქარით, მას 300 000 წელიწადი დასჭირდებოდა ვეგადან დედამიწამდე მოსაღწევად — და კიდევ, 300 000 წლის წინ, ვეგა სულაც არ იყო ამჟამინდელ ადგილზე.

ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ოუმუამუა უკვე ასობით მილიონი წელია კოსმოსში მოგზაურობს და არაა დაკავშირებული არც ერთ ვარსკვლავურ სისტემასთან.

„ათწლეულებია ვვარაუდობდით, რომ კოსმოსში არსებობს ასეთი ობიექტები და ამჯერად — პირველად ისტორიაში, ხელთ გვაქვს მათი არსებობის პირდაპირი მტკიცებულება“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკოსი თომას ზურბუხენი.

„ეს ისტორიული აღმოჩენა ახალ ფანჯარას გვიხსნის სხვა ვარსკვლავურ სისტემათა ფორმაციის შესასწავლად“.

ოუმუამუას აღმოჩენისთანავე, დაკვირვებებისთვის მწყობრში მოიყვანეს მსოფლიოს არაერთი ტელესკოპი. ჯემინი, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებული Very Large Telescope-ი, საფრანგეთ-კანადის ჰავაის ტელესკოპი, გაერთიანებული სამეფოს ინფრაწითელი ტელესკოპი და სხვა მრავალი ობსერვატორია — ყველა მათგანმა საკუთარი მახვილი თვალები ასტეროიდისკენ მიმართეს.

სხვადასხვა ტელესკოპიდან მიღებული ფოტოების კომბინირების შედეგად, საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ასტეროიდი სიკაშკაშეს 10 კოეფიციენტით იცვლის ყოველ 7,3 საათში, შეესატყვისება ღერძის გარშემო ბრუნვას. მზის სისტემის არც ერთი სხვა ასტეროიდი სიკაშკაშეს ასე ძალიან არ იცვლის.

„სიკაშკაშის ასეთუ უჩვეულო ცვალებადობა ნიშნავს იმას, რომ ობიექტი ძლიერ ძაგრძელებულია: სიგრძეში სიგანეზე ათჯერ მეტია, აქვს კომპლექსური, დაგრაგნილი ფორმა“, — ამბობს ჰავაის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი კარენ მიჩი.

„ასევე გავარკვიეთ, რომ აქვს მოწითალო ფერი, მზის სისტემის გარე ნაწილში არსებულ ობიექტთა მსგავსად; ასევე დავადგინეთ, რომ არის სრულიად ინერტული, გარშემო არ აქვს მტვრის მკრთალი საბურველი“.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ასტეროიდი შედგება მკვრივი მასალისგან —კლდისა და სავარაუდოდ, მეტალისგან — და არ აქვს წყლის ყინული. ზედაპირის სიწითლე სავარაუდოდ გამოწვეულია კოსმოსური დასხივებით, გალქტიკა ირმის ნახტომში ასობით მილიონი წლის განმავლობაში მოგზაურობის დროს.

ოუმუამუამ მზის გარშემო შურდულივით გაიქროლა 9 სექტემბერს, 315 000 კმ/სთ სიჩქარით, ამჟამად კი მზის სისტემის კიდეებისკენ მიემართება. 20 ნოემბერს, მისი სიჩქარე 138 000 კმ/სთ-ს აღწევდა.

მოსალოდნელია, რომ იუპტერის ორბიტას იგი 2018 წლის მაისში გადაკვეთს, სატურნისას კი 2019 წლის იანვარში. მეცნიერები მასზე დაკვირვებას მანამ განაგრძობენ, სანამ ოუმუამუა ტელესკოპთა თვალთახედვიდან გაქრება.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი